ალბათ, დღის განმავლობაში სახლში გავუშვებთ - ექიმი ვაკის პარკში დაშავებულ ბავშვზე

პუბლიკა

„ნიუ ჰოსპიტალის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ციბაძის განცხადებით, ვაკის პარკში დაშავებული 13 წლის ბიჭის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და შესაძლებელია დღეს სახლში გაწერონ.

„ლაზარეს მდგომარეობა აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია. უკვე გავიდა ის პერიოდი, რომელიც სხვადასხვა რისკებთან იყო დაკავშირებული. ამ წუთებში გარკვეული კვლევების და კონსულტაციების შემდეგ გადავწყვეტთ, სავარაუდოდ, აღარ იქნება მისი ინტენსიურ თერაპიაში გაჩერება საჭირო და მკურნალობის გაგრძელება შესაძლებელი იქნება ამბულატორიულად. ალბათ, დღის განმავლობაში სახლში გავუშვებთ“,  – თქვა ციბაძემ.

ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი ბავშვი იაშვილის სახელობის კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს.


13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ბავშვებს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ, ბურთის ამოღებისას კი დენმა დაარტყათ. დენის დარტყმის შედეგად 13 წლის გოგონა დაიღუპა.

შსს-ს განცხადებით, ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

12 ოქტომბერს თბილისის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დასრულდა ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია.

მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა; დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ასევე, მოეწყო განათების სისტემა.