„ალბათ, ხვალ ან ზეგ უნდა გადავიყვანოთ საავადმყოფოში“ - სააკაშვილის ექიმი

პუბლიკა

„ხვალ ისევ ვაპირებ მისვლას და, ალბათ, ხვალ უნდა გადავიყვანოთ საავადმყოფოში. ხვალ თუ არა ზეგ“, – მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის განცადებით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ უახლოეს ორ დღეში, სავარაუდოდ, მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდება საჭირო. ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ სააკაშვილი დღეს საღამოს მოინახულა.

„სიტუაცია დამძიმდა. მე პირველად ვნახე მიშა ორი-სამი დღის წინ და ძალიან დიდი განსხვავებაა მის ახლანდელ მდგომარეობაში. გაუარესება გამოიწვია, რასაკვირველია, შიმშილობამ.

რაც შეეხება წვენის და თაფლის ამბავს, ციხის ადმინისტრაციამ სთხოვა მიხეილს, რომ დაელია ეს წვენი და ერთი კოვზი თაფლი ჩაედო ჩაიში. რა თქმა უნდა, ეს მოეხმარა ორგანიზმს და უკეთესად იყო, მაგრამ იმის მერე, რაც მიშამ ტელევიზიიდან გაიგო, რომ თითქოს 8 კილოგრამი თაფლი აქვს და ლამის წვენების ქარხანა გახსნა საპყრობილეში, უარი თქვა ყველაფერზე. დააბრუნა წვენი და უარს ამბობს თაფლის მიღებაზე. ამან გაართულა მდგომარეობა და ახლა მხოლოდ წყალს სვამს“, – ამბობს ექიმი.

ყიფშიძე აცხადებს, რომ სიტუაცია კრიტიკულთან ძალიან ახლოს არის. მისივე თქმით, სააკაშვილს აქვს სისხლის დაავადება ტალასემია, რაც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას შიმშილობის ფონზე აუარესებს.

„არასდროს მითქვამს ეს ტელევიზიით, მაგრამ დღეს მომცა უფლება, რომ ამის შესახებ მეთქვა. ეს დაავადება ძალიან, ძალიან იშვიათია. არ არის სასიკვდილო და რთული დაავადება, ტალასემიით ადამიანმა შეიძლება იცხოვროს ბევრი წელი აბსოლუტურად ნორმალურად, მაგრამ არის რაღაც ლიმიტები. ერთ-ერთი ლიმიტია შიმშილობა. ამ დაავადების დროს აბსოლუტურად არ შეიძლება შიმშილი. ეს იწვევს ისეთ ცვლილებებს ორგანიზმში, რომლის რევერსი არ არსებობს“, – ამბობს ყიფშიძე.

ექიმი ამბობს, რომ წინა დღეებთან შედარებით დღეის მდგომარეობით სააკაშვილი მძიმედ დადის და ლაპარაკი უჭირს.