იგეგმება თუ არა თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნა? – ამ შეკითხვაზე თავად თეა წულუკიანი მედიას არ პასუხობს, თუმცა, როგორც „ქართული ოცნების“ დეპუტატი ქეთევან დუმბაძე „TV პირველთან“ ამბობს, „ალბათ, მაქეთ მიდის საქმე“.
„გადაწყვეტილება არ არის მიღებული, დღეს იწყება განხილვა ამ თემის. ხვდება უკვე კულტურის სხვადასხვა წარმომადგენლებს და, ალბათ, მაქეთ მიდის საქმე. ისინი მოდიან შეხვედრებზე, ხვდებიან და მათი აზრი მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა“, – ამბობს ქეთევან დუმბაძე.
ინიშნება თუ არა თეა წულუკიანი მინისტრად – ჟურნალისტების შეკითხვას „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი მაია მენაღარიშვილი პასუხობს:
„როგორც ვიცი, იგეგმება“, – ამბობს მენაღარიშვილი.
კიდევ ერთმა დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ კი განაცხადა, რომ თუკი თეა წულუკიანის კულტურის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, „კულტურას საქართველოში ნამდვილად დიდი პერსპექტივები გაუჩნდება“.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, წულუკიანს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ჩააბარებენ, „რაზეც მმართველ გუნდში კონსულტაციები უკვე შედგა“.
#cancelThea – თეა წულუკიანის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრად შესაძლო დანიშვნის წინააღმდეგ მოქალაქეებმა პეტიცია შეადგინეს, რომელსაც უკვე ხელს აწერს კულტურის სფეროს წარმომადგენელთა ნაწილი.