„ალბათ, საზოგადოების სხვა ნაწილსაც უნდა შეეკითხონ“ - სერგეენკო „პრაიდზე“

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ დეპუტატი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო აცხადებს, რომ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა „ხმამაღალ გამოხატვაზე“ აზრი საზოგადოების სხვა ნაწილსაც უნდა ჰკითხონ.

„პრაიდი რომ მკითხოთ, ვერც განგიმარტავთ რა არის – ფლეშმობია თუ დემონსტრაცია, რთული სათქმელია. არ მგონია, უფლებების შეზღუდვა რომ იყოს. არავინ არ უშლის იმის გაკეთებას, რისთვისაც მონდომებული და მოწოდებულია ეს ხალხი. რაც შეეხება უფრო ხმამაღალ გამოხატვას – არ ვიცი, საზოგადოების სხვა ნაწილსაც უნდა შეეკითხონ, ალბათ, და მაინცდამაინც კონფრონტაციაზე არ უნდა წავიდნენ“, – აცხადებს სერგეენკო.

„ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი და  ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალუდა ღუდუშაური საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებაზე აცხადებს, რომ უმჯობესი იქნება, თუ ორგანიზატორები „პრაიდს“ არ ჩაატარებენ. დეპუტატი აცხადებს, რომ ღონისძიების მიზანი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნაა.

„ყველა კონტექსტის გათვალისწინებით, ის, რა მოცემულობაც არის, დიდ სურათს თუ შევხედავთ, ბუნებრივია, უმჯობესი იქნება, თუ თავს შეიკავებენ და არ ჩატარდება. ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ „პრაიდის“ ორგანიზება მიზნად ისახავს, ალბათ, ერთადერთ რამეს, რომ როგორმე ხელოვნურად მოახდინოს დაძაბულობა და გამწვავება. რასაკვირველია, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს ასე არის. ქვეტექსტი ხომ ეს არის? სხვა შემთხვევაში უამრავი ორგანიზაციაა, რომელიც აკეთებს საქმეს, თავის განცხადებას, თავის შეხედულებას ღიად, იმიტომ, რომ საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, შესაბამისად, არავის არაფერი არ ეზღუდება ჩვენს ქვეყანაში. მით უფრო 2012 წლიდან. არაფერს არ ვეწინააღმდეგები, მაგრამ იმის გათვალისწინებით, როდესაც ქვეყანაში ეს გამოწვევები არის და ხელოვნურად ცდილობ, რომ რაიმე დაძაბო, მით უფრო არასწორია“, – განაცხადა ღუდუშაურმა.


5 ივლისს, ღირსების მარში გაიმართება. გარდა ღირსების მარშისა, მოეწყობა პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც გაიმართება ფესტივალი და სხვა კულტურული ღონისძიებები. ღირსების მარშის სლოგანი „გამოდი სოლიდარობისთვის“ იქნება.