ალბათ სოცქსელებში მეტ-ნაკლებად უკვე სიმშვიდეა, რაც გვაძლევს საფუძველს, სტაბილურად გავაგრძელოთ ცვლილებები სისტემაში - ტიკარაძე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღესდღეობით ჯანდაცვის სისტემა 30 ათასამდე კოვიდინფიცირებულს ემსახურება. მისი თქმით, სერვისის მიწოდება არის უწყვეტი და „ალბათ, სოციალურ ქსელებშიც მეტ-ნაკლებად სიმშვიდეა“, რაც აძლევთ საფუძველს, რომ სტაბილურად განაგრძონ სისტემაში დაგეგმილი ცვლილებები.

„ძალიან მიხარია და მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემისთვის, რომ მიმღეობა სასტუმრო სივრცეზე მკვეთრად არის გაზრდილი და ჩვენი პაციენტები გადიან იქ მკურნალობას და ეს აღარ არის გარკვეული უთანხმოების საფუძველი ჩვენს სასწრაფო ბრიგადებსა და პაციენტების ოჯახის წევრებს ან თვითონ პაციენტებს შორის, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს განტვირთვას და თვითონ პაციენტების მდგომარეობას.

16 ათასზე მეტი მოქალაქე გადის მკურნალობას ოჯახის ექიმის ზედამხედველობით. ეს ყოველივე ჯამურად ნიშნავს იმას რომ დღესდღეობით საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ემსახურება დაახლოებით 30 ათასამდე კოვიდინფიცირებულს და თქვენ ხედავთ, რომ სერვისის მიწოდება არის უწყვეტი, ალბათ სოციალურ ქსელებში მეტ-ნაკლებად უკვე სიმშვიდე არის, რაც ჩვენც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ სტაბილურად გავაგრძელოთ ის ყველა ცვლილება სისტემაში, რომელსაც ჩვენ გეგმურად მივყვებით“, –განაცხადა მინისტრმა.

8 დეკემბრისთვის განახლებული სტატისტიკა ამგვარია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 169649 , ბოლო 24 საათში – 4673
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 141392 , ბოლო 24 საათში – 3893
  • მათ შორის გარდაცვლილი – 1576 , ბოლო 24 საათში – 36
  • კარანტინის რეჟიმში – 1186
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6829
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 3759