ალბათ, უპირატესად რეკომენდირებული იქნება, რომ პლაჟებზე განლაგებისას დაცული იყოს ფიზიკური დისტანცირება - ზახაშვილი საზღვაო სეზონზე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, მიდის მსჯელობა იმაზე, თუ რა რეკომენდაციების დაცვა მოუწევს მოსახლეობას საზღვაო სეზონზე. მისი თქმით, საზღვაო სეზონისთვის ჯერ ცოტა ადრეა, თუმცა მალე მოახლოვდება ეს სეზონი.

„ჩვენ ვმუშაობთ იმ რეკომენდაციებზე რაც შეიძლება გამოყენებულ იქნას ამ სეზონისთვის: ვადევნებთ თვალყურს სხვა, იმ ქვეყნების რეკომენდაციებს, რომელთაც საზღვაო კურორტები აქვთ – როგორ რეკომენდაციებს იმუშავებენ სხვა ქვეყნები; რა გამოცდილება აქვთ სამხრეთ ნახევარსფეროს ქვეყნებს, სადაც უკვე გადაიარა საზღვაო კურორტების სეზონებმა; ან ისეთ ქვეყნებს სადაც მთელი წლის მანძილზე არის საზღვაო სეზონი. ალბათ, ისევდაისევ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უპირატესად რეკომენდირებული იქნება, რომ პლაჟებზე განლაგებისას, დაცული იყოს ფიზიკური დისტანცირება, რაც გარანტიაა იმისა, რომ უშუალო გადადება ადამიანიდან-ადამიანზე იქნება შემცირებული.“ – აღნიშნავს ზახაშვილი.

ხათუნა ზახაშვილი ხაზს უსვამს სასტუმროების უსაფრთხოების ზომებს. მისი განცხადებით, ასეთი ტიპის დაწესებულებებისათვის, რეკომენდაციები შემუშავებული აქვთ. ზახაშვილი აღნიშნავს, რომ ნორმალურ სასტუმროში ჰიგიენური წესები უნდა იყოს დაცული და ეს წესები, ზღვის ამ სეზონზე უფრო მეტად გამკაცრებას მოითხოვს. მისი თქმით, გაიცემა დამატებითი რეკომენდაციები, რომ სასტუმროების შიგნით საერთო შეხვედრის სივრცეებში ადამიანთა დამატებითი შეხვედრები შეზღუდული და მინიმიზებული იყოს.