ევროპარლამენტის პოლიტიკურმა ჯგუფმა ALDE-მ მხარი დაუჭირა 5 ოპოზიციური პარტიის მიერ მომზადებულ რეზოლუციას საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.
რეზოლუციის ავტორები „სტრატეგია აღმაშენებელი“, „თავისუფალი დემოკრატები“, „რესპუბლიკელები“, „გირჩი მეტი თავისუფლება“, და „ლელო“ არიან.
რა წერია დოკუმენტში:
ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის კონგრესი ევროპისთვის (ALDE) პარტიის შეკრება დუბლინში, ირლანდია, 2022 წლის 2-4 ივნისს:
აღნიშნავს, რომ:
- 28 თებერვალს უკრაინამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე შეიტანა განაცხადი
- 3 მარტს საქართველომ და მოლდოვამ შეიტანეს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში წევრობის კანდიდატობაზე
- 11 მარტს ევროპულმა საბჭომ მოიწვია ევროკომისია, რათა წარმოედგინა მოსაზრებები მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადების შესახებ
- აღნიშნული სამი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ განხილვა დაგეგმილია 2022 წლის ივნისისთვის, რაც ქმნის გადაუდებელ საჭიროებას აღნიშნული რეზოლუციის მისაღებად
აღიარებს, რომ:
- სამივე ერი უკვე ათწლეულებია იბრძვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის
- საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ხალხის ისტორიული არჩევანია ევროკავშირში გაწევრიანება
მკაცრად გმობს:
- რუსეთის შეჭრას უკრაინაში და ყირიმისა და დონბასის ოკუპაციას
- რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის მიმდინარე ოკუპაციას
- რუსეთის მიერ მოლდოვაში დნესტრისპირეთის მიმდინარე ოკუპაციას
ხაზს უსვამს:
- სამივე ქვეყნაში კანონის უზენაესობის, ძალაუფლების განაწილების დემოკრატიული პრინციპის, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის, მედიის თავისუფლებისა და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის საკითხებზე უწყვეტი მუშაობის საჭიროებას და მნიშვნელობას
- საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროკავშირის კანდიდატების სტატუსის მინიჭება იქნება დამატებითი გარღვევა ამ ქვეყნებში დემოკრატიის გასაძლიერებლად და რუსული გავლენისგან განთავისუფლებისთვის
- ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, სამივე ქვეყნის მიერ კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაკმაყოფილების აუცილებლობას
მოუწოდებს:
- ევროპულ საბჭოში წარმოდგენილ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ მიანიჭონ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ევროკავშირის საბჭოს მომავალ შეხვედრაზე 2022 წლის ივნისის ბოლოს