„ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი“ (ALDE) ეხმაურება მიხეილ ყაველაშვილის არჩევას და აცხადებს, რომ საქართველოს ლეგიტიმურად არჩეულ პრეზიდენტად კვლავ სალომე ზურაბიშვილს აღიარებენ.
„ღრმა შეშფოთებასა და იმედგაცრუებას გამოვხატავთ ახალი პრეზიდენტის „არჩევნებით” საარჩევნო კოლეგიის მიერ, რომელიც ძირითადად მხოლოდ „ერთი პარტიის” მიერ დაკომპლექტებული პარლამენტისგან შედგება. გამომდინარე იქიდან, რომ არჩევნებში ოპოზიცია არ მონაწილეობდა, მიგვაჩნია, რომ ეს არ ასახავს ქართველი ხალხის ნამდვილ ნებას.
ჩვენ ვაგრძელებთ ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის აღიარებას და ვაფასებთ მის მიღწევებს, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესაბამისად, მიზნად ისახავს საქართველოს სრულ ინტეგრაციას ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში”, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ALDE-ში აღნიშნავენ, რომ გმობენ „ქართული ოცნების” არაკონსტიტუციური ქმედებების შედეგებს და იმ დემოკრატიულ უკუსვლას, რომელიც ქვეყანაშია. ისინი მოუწოდებენ ქვეყნებს, გააორმაგონ და გააფართოონ უკვე დაწესებული სანქციები იმ პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებიც ჩართულნი იყვნენ რუსული კანონის მიღებასა და ანტიდემოკრატიულ ქმედებებში.