ალეკ ბოლდუინს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით ბრალი წარუდგინეს

პუბლიკა

BBC-ის ცნობით, ნიუ-მექსიკოს პროკურორმა მსახიობ ალეკ ბოლდუინსა და ფილმ Rust-ზე მომუშავე იარაღის სპეციალისტს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით ბრალი წარუდგინა.

გამოქვეყნებულ საქმის მასალებში საოლქო პროკურორი აღნიშნავს, რომ ბოლდუინი სარეკვიზიტო იარაღის გამოყენების წვრთნის დროს „გადართული“ იყო ოჯახის წევრებთან ტელეფონით საუბარზე. როგორც პროკურორი აღნიშნავს, ბოლდუინს რომ იარაღის სპეციალისტთან უსაფრთხოების სავალდებულო შემოწმება გაევლო და იარაღი ჰაჩინისკენ არ მიემართა, „ტრაგედია არ მოხდებოდა“.

„სტანდარტებიდან, პრაქტიკისა და პროტოკოლიდან გადახვევამ პირდაპირ განაპირობა ფატალური შედეგი“, – თქვა მან.

პროკურორის თქმით, ბოლდუინმა იცოდა, რომ იარაღის უსაფრთხოების პირველი წესი არის ის, რომ „არასოდეს მიუშვირო იარაღი მას, ვისთვისაც სროლას არ აპირებ“.

ბრალდების დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია შემდეგ გარემოებებზე:

  • დაუგეგმავი რეპეტიციისთვის იარაღის დუბლიკატის გამოუყენებლობა;
  • პროტოკოლის საწინააღმდეგოდ, იარაღის სპეციალისტის გადასაღები მოედნიდან გაშვება;
  • გადახვევა იმ პრაქტიკიდან, რომლის მიხედვითაც, იარაღი მხოლოდ იარაღის სპეციალისტმა უნდა გადმოგცეს;
  • უსაფრთხოების საკითხების შეუმოწმებლობა იარაღის ოსტატთან ერთად, რომელიც დაქირავებული იყო ადეკვატური სერტიფიკატის გარეშე.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბოლდუინსა და ქალბატონ რიდს 18 თვემდე პატიმრობა და 5000 დოლარის ჯარიმა ემუქრებათ. პროკურორების თქმით, მათ ნაფიცმსაჯულთა სასამართლო გაასამართლებს.

2021 წლის ოქტომბერში ალეკ ბოდუინმა ფილმის გადასაღებ მოედანზე სარეკვიზიტო იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც ოპერატორი ჰალინა ჰატჩინსი დაიღუპა, რეჟისორი ჯოელ სოუსა კი დაიჭრა.