ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში შედიან

პუბლიკა

„ჩვენ შეთანხმების გაფორმების შემდეგ ჩავერთვებით პარლამენტის საქმიანობაში“, – განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალექსანდრე ელისაშვილმა „ქართული ოცნების“ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, შეთანხმება შედგა მმართველ პარტიასთან და ლევან იოსელიანთან ერთად საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვება.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერები – ალექსანდრე ელისაშვილი და ლევან იოსელიანი დღეს პარლამენტში მივიდნენ. საკანონმდებლო ორგანოში ისინი პარლამენტის თავმჯდომარესა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს შეხვდნენ.

„პრაქტიკულად, შეთანხმებას მივაღწიეთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც მთლიანად ოპოზიციის მიერ მეოთხე რაუნდში დასმული და შეთანხმებული იყო. ვგულისხმობ საარჩევნო რეფორმას. არც ერთი პუნქტი ამ შეთანხმებიდან არ დარღვეულა. ბოლომდე ვიბრძოლეთ, რომ ყველა დეტალი, რომელიც მაშინ იყო ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებული, ეს აქ ყოფილიყო ასახული. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს დასჭირდა დრო და ძალისხმევა, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ამას მივაღწიეთ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.