კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი დააკავეს.
ელისაშვილის დაკავება საქართველოში აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარის, ალი ბაბაევის საქმეს უკავშირდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ალეკო ელისაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვისაა დაკავებული, რაც ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას გულისხმობს.
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან, ალექსანდრე ელისაშვილი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ წევრს, 1954 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პარტიული შეხედულების გამო. ალექსანდრე ელისაშვილი სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის სახით დააკავეს”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ბაბაევზე „თავდასხმის“ შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ სამთავრობო მედიამ გაავრცელა.
მოგვიანებით, კომენტარი თავად ალი ბაბაევმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ შემთვევა 2 დეკემბერს ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან მოხდა. მისი მტკიცებით, ელისაშვილი ხელით შეეხო, რის შედეგადაც წაიქცა და გონება დაკარგა. ბაბაევის თქმით, კოსტავას ქუჩაზე ერთ-ერთ აფთიაქში შედიოდა, როდესაც მას ზურგიდან შეძახილები მოესმა – „ეს არის, ეს არაკაცი! ეს არის „ქართული ოცნების“ მონა! რუსის მონები!“.