ალეკო ელისაშვილი კლინიკა ვივამედში გადაიყვანეს

პუბლიკა

კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, რომელიც 4 დეკემბერს დააკავეს, კლინიკა ვივამედში გადაიყვანეს. ინფორმაცია „პუბლიკას” ელისაშვილის პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

ადვოკატის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილი არის ნაცემი და აღენიშნება დაზიანებები.

„დაკავებისას ალეკო ელისაშვილის მიმართ განხორციელდა სერიოზული ძალადობა – ცემის ფაქტსაც ჰქონდა ადგილი, სახეზე აქვს დაზიანებები, ჩალურჯებები, სისხლჩაქცევები, შესაძლოა, ნეკნი მოტეხილი ჰქონდეს“, – განაცხადა ადვოკატმა.

ალექსანდრე ელისაშვილი თავისუფლების მოედანზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტთან“ 4 დეკემბერს დააკავეს.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მისი დაკავება უკავშირდებოდა საქართველოში აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარის, ალი ბაბაევის საქმეს.

ალეკო ელისაშვილს ბრალდება დღეს, 5 დეკემბერს წარედგინა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 დეკემბერს, თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა.ე.-მ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია განცხადებაში.