„ალეკო გისმენთ“ - ელისაშვილმა ბანერზე საკუთარი ტელეფონის ნომერი დაწერა

პუბლიკა

საბურთალოს ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ალექსანდრე ელისაშვილმა საარჩევნო ბანერზე საარჩევნო ნომრის ნაცვლად საკუთარი ტელეფონის ნომერი გამოაქვეყნა. მისი განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია მას საარჩევნო ნომერს არ ანიჭებს, ბანერზე მობილურის ნომრის გამოქვეყნება გადაწყვიტა. ელისაშვილი ამბობს, რომ მაჟორიტარობის კანდიდატი ვალდებულია, უპასუხოს ხალხის ზარს.

„პრობლემა მქონდა ის, რომ ცესკო არ გვაძლევს საარჩევნო ნომერს, ფეხს ითრევს. ველოდე, ველოდე და ბანერზე დავწერე ჩემი საარჩევნო ნომერი.

წინასაარჩევნოდ ბანერებიდან, შენობებიდან და კორპუსებიდან ყალბად მომღიმარი პოლიტიკოსები, თან ხალხს რომ ეხუტებიან და თან ვითომ მზრუნველად გვიღიმიან… ამაზე პროტესტი თავადაც სულ მქონდა და ამიტომ გადავწყვიტეთ, სხვა გზით წავსულიყავით, მით უმეტეს სხვა პოლიტიკოსებისა და პარტიებისგან განსხვავებით, სულ რამდენიმე ბანერი გვაქვს.

…აი, ეს არის ნამდვილი. ეს არის მაჟორიტარის საქმე და არა საარჩევნოდ სტუდიაში გადაღებული ძვირადღირებული ფოტოები, რომელზეც ცინიზმი იკითხება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.


ალეკო ელისაშვილმა 10 სექტემბერს განაცხადა, რომ პარტია „მოქალაქეებმა“ ცესკოში ერთი თვის წინ განცხადება შეიტანეს, პარტიისთვის საარჩევნო ნომრის მინიჭების მოთხოვნით. თუმცა, ელისაშვილის თქმით, ამ ერთი თვის განმავლობაში „ცესკო ფეხს ითრევს“.

„ცენტრალური საარჩევნო კომისია, როგორც ქართული ოცნების ყურმოჭრილი დანამატი, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეგვიშალოს სრულფასოვანი და ნორმალური საარჩევნო კამპანიის წარმართვაში“, – ამბობდა ის.

ცესკოს განმარტებით, წილისყრით რიგითი ნომრების მინიჭებისათვის ბოლო ვადაა 1 ოქტომბერი. „ადმინისტრაცია მაქსიმალურად შეეცდება, რომ უკიდურესი ვადა არ იყოს გამოყენებული და საკანონმდებლო შესაძლებლობა რასაც იძლევა, ის ვადები, რაც არის მოცემული, აი, იმ ვადებში ჩატარდეს“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.