ალექსეი ნავალნი გერმანიიდან რუსეთში ბრუნდება

პუბლიკა

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი Faceebok-ზე ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ცოლთან ერთად თვითმფრინავში ზის. ნავალნი წერს, რომ ამ წუთებში გერმანიიდან რუსეთში ბრუნდება.

ნავალნიმ რუსეთში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია პირველად 13 იანვარს გაავრცელა. „გერმანიაში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მხოლოდ ერთი მიზეზით მოხვდი: მათ ჩემი მოკვლა სცადეს.

მე გადავრჩი. ახლა კი პუტინი, რომელმაც ჩემი მკვლელობის ბრძანება გასცა, გაცოფებულია და ბუნკერიდან თავისი მსახურებისადმი გასცემს ბრძანებებს, ყველაფერი იღონონ, რომ მე არ დავბრუნდე. მსახურებიც შესაბამისად იქცევიან: ისინი კერავენ ახალ საქმეებს ჩემს წინააღმდეგ.

თუმცა, რასაც არ უნდა აკეთებდნენ, ეს მე არ მაინტერესებს. რუსეთი ჩემი ქვეყანაა, მოსკოვი ჩემი ქალაქი, მენატრება იქაურობა“, – წერდა 13 იანვარს რუსი პოლიტიკოსი.

ალექსეი ნავალნი გერმანიაში 22 აგვისტოს გადაიყვანეს. მაშინ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო. გერმანიის საგმაოძიებო უწყების ინფორმაციით, რუსი პოლიტიკოსი ნერვული აგენტით „ნოვიჩოკით“ ან მისი მსგავსი ნივთიერებით მოწამლეს. გამოცემა Bellingcat-ის საგამოძიებო რეპორტაჟის თანახმად კი, ნავალნის მოწამვლა რუსეთის უშიშროების სამსახურის მიერ იყო დაგეგმილი.

რუსეთი ამ ბრალდებებს უარყოფს. მეტიც, 28 დეკემბერს რუსეთის პროკურატურამ ნავალნის ულტიმატუმი წაუყენა, რომ სასწრაფოდ დაბრუნებულიყო მოსკოვში, წინააღმდეგ შემთხვევაში, დააპატიმრებდნენ. ნავალნის პირობითი მსჯავრი ჰქონდა, რომელიც 30 დეკემბერს იწურებოდა.

ნავალნის წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ პოლიტიკოსი რეაბილიტაციის კურსს გადიოდა და მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, რუსეთში იმ მომენტში დაბრუნებას ვერ მოახერხებდა.