ალექსეი ნავალნი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს

პუბლიკა

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს და სამეციდინო კომიდან გამოიყვანეს. ინფორმაციას გერმანული კლინიკა „შარიტე“ ავრცელებს, სადაც ნავალნის მკურნალობენ.

„პაციენტი გამოყვანილია სამედიცინო კომიდან და მოხსნილია ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან. ის ვერბალურ სტიმულზე რეაგირებს. ჯერჯერობით ძალიან ადრეა მოწამვლის გრძელვადიან ეფექტებზე საუბარი“, – ნათქვამია კლინიკის გავრცელებულ განცხადებაში.

კლინიკის განცხადებით, ექიმებს მჭიდრო კონტაქტი აქვთ ნავალნის ცოლთან და პოლიტიკოსის ჯანმრთელობის შესახებ დეტალებზე საჯაროდ მასთან შეთანხმებით ისაუბრებენ.

რუსი პოლიტიკოსი, ოპოზიციონერი, ბლოგერი, ანტიკორუფციული მოძრაობის წევრი ალექსეი ნავალნი რუსეთში 20 აგვისტოს მოულოდნელად გახდა ცუდად და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ომსკის საავადმყოფოში მოთავსებული ნავალნი კომაში იყო, მისი პრესსპიკერი კი ამტკიცებდა რომ ნავალნი მოწამლეს.

22 აგვისტოს ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს. 2 სექტემბერს კი გერმანიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პოლიტიკოსი „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნივთიერებით იყო მოწამლული.