ალექსეი ნავალნი სამართალდამცველებმა შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს

პუბლიკა

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და „ანტიკორუფციული ფონდის“ დამფუძნებელი ალექსეი ნავალნი რუსეთში დაბრუნებისთანავე დააკავეს. საპასპორტო კონტროლის გავლისას მასთან სამართალდამცველები მივიდნენ და გაყოლა მოსთხოვეს, თუმცა არ დააკონკრეტეს აკავებდნენ თუ არა პოლიტიკოსს. ნავალნის თანმხლებ ადვოკატს კი მასთან გაყოლის უფლება არ მისცეს.

„მედუზას“ ინფორმაციით, რამდენიმე წუთში რუსეთის პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ ნავალნი პირობითი მსჯავრის დარღვევის გამო არის დაკავებული.

ალექსეი ნავალნი ვნუკოვოს აეროპორტში უნდა დაშვებულიყო, მაგრამ თვითმფრინავმა, რომლითაც რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მოსკოვში ბრუნდებოდა, დაჯდომისას გეზი იცვალა. ის ვნუკოვოს ნაცვლად შერემეტიევოს საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.

ვნუკოვოს აეროპორტთან ნავალნის დასახვედრად მისი მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილები. აეროპორტის მიმდებარე ტერიტრიაზე მალევე გამოჩნდა ომონიც, რომელმაც ნავალნის თანაგუნდელებისა და მხარდამჭერების ნაწილი დააკავა. სამართალდამცველებმა მოუწოდეს მოქალაქეებს, რომ დაშლილიყვნენ, შეკრებილები კი მათ დახვდნენ შეძახილებით – „ფაშისტებო“.

ტელეკომპანია „დოჟდის“ ინფორმაციით, დაკავებულები არიან ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის იურისტი ლიუბოვ სობოლი, ფონდის თანამშრომელი რუსლან შავედინოვი და ერთ-ერთი აქტივისტი კონსტანტინ კოტოვი. ჯერჯერობით უცნობია რა მუხლით დააკავეს ნავალნის დასახვედრად მისული მოქალაქეები.

28 დეკემბერს რუსეთის პროკურატურამ ნავალნის ულტიმატუმი წაუყენა, რომ სასწრაფოდ დაბრუნებულიყო მოსკოვში, წინააღმდეგ შემთხვევაში, დააპატიმრებდნენ. ნავალნის პირობითი მსჯავრი ჰქონდა, რომელიც 30 დეკემბერს იწურებოდა.

ნავალნის წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ პოლიტიკოსი რეაბილიტაციის კურსს გადიოდა და მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, რუსეთში იმ მომენტში დაბრუნებას ვერ მოახერხებდა.