ალექსეი ნავალნის სასამართლომ 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

პუბლიკა

ალექსეი ნავალნის 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა. მოსამართლემ დააკმაყოფილა პენიტენციური სამსახურის მოთხოვნა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსს საპატიმროში ყოფნა 15 თებერვლამდე მიუსაჯა. ინფორმაციას ნავალნის ადვოკატი ავრცელებს. ალექსეი ნავალნის სასამართლო 29 იანვარსაა დაგეგმილი. მას პირობითი მსჯავრის დარღვევა ედება ბრალად და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ის სასჯელი დაეკისრება, რაც პირობითმა მსჯავრმა შეცვალა – 3.5 წელი. სასჯელს გამოაკლდება 10 თვე, რომელიც პოლიტიკოსმა შინაპატიმრობაში გაატარა.


რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და „ანტიკორუფციული ფონდის“ დამფუძნებელი ალექსეი ნავალნი გუშინ რუსეთში დაბრუნებისთანავე დააკავეს. საპასპორტო კონტროლის გავლისას მასთან სამართალდამცველები მივიდნენ და გაყოლა მოსთხოვეს, თუმცა არ დააკონკრეტეს აკავებდნენ თუ არა პოლიტიკოსს. ნავალნის თანმხლებ ადვოკატს კი მასთან გაყოლის უფლება არ მისცეს.

მოგვიანებით, რუსეთის პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ ალექსეი ნავალნი მასზე დაკისრებული პირობითი მსჯავრის „მრავალჯერ დარღვევის გამო“ დააკავეს.

ნავალნიზე ძებნა მას შემდეგ გამოცხადდა, რაც 28 დეკემბერს რუსეთის პროკურატურამ ულტიმატუმი წაუყენა, რომ სასწრაფოდ დაბრუნებულიყო მოსკოვში, წინააღმდეგ შემთხვევაში, დააპატიმრებდნენ. ნავალნის პირობითი მსჯავრი ჰქონდა, რომელიც 30 დეკემბერს იწურებოდა.

ნავალნის წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ პოლიტიკოსი რეაბილიტაციის კურსს გადიოდა და მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, რუსეთში იმ მომენტში დაბრუნებას ვერ მოახერხებდა.

ალექსეი ნავალნიმ მოსკოვში დაბრუნება, მისი თქმით, მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც რეაბილიტაციის პროცესში ხელშესახებ პროგრესს მიაღწია და თავისუფლად გადაადგილება შეძლო.

ის გერმანიიდან რუსეთში 17 იანვარს ჩაფრინდა და ვნუკოვოს აეროპორტში უნდა დაშვებულიყო, მაგრამ თვითმფრინავმა, რომლითაც რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მოსკოვში ბრუნდებოდა, დაჯდომისას გეზი იცვალა. ის ვნუკოვოს ნაცვლად შერემეტიევოს საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.

ვნუკოვოს აეროპორტთან ნავალნის დასახვედრად მისი მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი. აეროპორტის მიმდებარე ტერიტრიაზე მალევე გამოჩნდა ომონიც, რომელმაც ნავალნის თანაგუნდელებისა და მხარდამჭერების ნაწილი დააკავა. სამართალდამცველებმა მოუწოდეს მოქალაქეებს, რომ დაშლილიყვნენ, შეკრებილები კი მათ დახვდნენ შეძახილებით – „ფაშისტებო“.

ტელეკომპანია „დოჟდის“ ინფორმაციით, დაკავებულს შორის იყვნენ ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის იურისტი ლიუბოვ სობოლი, ფონდის თანამშრომელი რუსლან შავედინოვი და ერთ-ერთი აქტივისტი კონსტანტინ კოტოვი. ასევე დააკავეს ნავალნის შესახვედრად მისული ათეულობით მოქალაქე.