სახელმწიფოს მიერ არის შემოტანილი სწრაფი ტესტები და ეს არ არის ჩვეულებრივი მარტივი ტესტი. ეს არის სწრაფი მარტივი ტესტის გაუმჯობესებული ვარიანტი უფრო მაღალი მგრძნობელობითა და სანდოობით – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.
მისი განმარტებით, ამ ტესტებს პატარა წამკითხავი სჭირდება, აპარატურა, რომელიც, მისი თქმით, არსებობს ქვეყანაში.
„ის ახლა გადაეცემა ერთ-ერთ კლინიკას, რომელიც დააჩქარებს შესული პაციენტების ტესტირებას. ასევე, ლაპარაკია ბევრი სწრაფი ტესტის სახელმწიფო დონეზე შესყიდვაზე, რაც გარანტიას მოგვცემს, რომ მწარმოებელი იქნება მაქსიმალურად სანდო.
ალგორითმშიც სწრაფი ტესტი ჩაჯდა. ჩვენ იმედი გვაქვს, სწრაფი ტესტის ხარისხი და სანდოობა უკვე ნელ-ნელა შეიძლება, მსოფლიოში გაუმჯობესდეს. ჩვენ ვერ ვენდობით ყველა მწარმოებლის ყველა ტესტს. ამის მაგალითი ბევრ სხვა ქვეყანას აქვს უკვე და როდესაც საჭირო გახდება, ქვეყანაში დაიწყება სწრაფი ტესტების გამოყენება იქ, სადაც საჭირო იქნება“, – განაცხადა იმნაძემ.