„ალიევის ქმედება იყო ერთჯერადი, სპონტანური, რაც გამორიცხავს ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობას" - ადვოკატის დასკვნითი სიტყვა

პუბლიკა

„ინსაფ ალიევის მიმართ წარდგენილი ბრალი, ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობა, არ ეფუძნება არც ფაქტობრივ და არც სამართლებრივად დამაჯერებელ საფუძვლებს”, – ამის შესახებ დღეს, 24 თებერვალს სააპელაციო სასამართლოში ინსაფ ალიევის ადვოკატმა აიჰან ჰასანლიმ განაცხადა. მან დასკვნითი სიტყვა თქვა.

მისი თქმით, საქმის მასალებით, მოწმეთა ჩვენებებისა და ბრალდების მხარის მოქმედებების ანალიზი ცხადყოფს, რომ საქმეში არ არსებობს არცერთი უტყუარი მტკიცებულება, რომელიც ალიევის მხრიდან ორგანიზებულ ქმედებაში მონაწილეობას დაასტურებდა.


თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი –  2025 წლის 2 სექტემბრის განაჩენით მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა კასრაძე-კაძელაშვილისა და ცეცხლაძის ნაწილში არ დაადგინა ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, როგორც ამას ბრალდების მხარე მოითხოვდა. მათ ბრალი გადაუკვალიფიცირა ჯგუფური მოქმედების ორგანიზებაზე და 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქმეზე ბრალდებულ 5 პირს კი (ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ინსაფ ალიევი, თორნიკე გოშაძე, გიორგი გორგაძე და ირაკლი მიმინოშვილი) 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ისინი სასამართლომ ჯგუფური მოქმედების მონაწილეებად მიიჩნია.


რას ამბობს ადვოკატი დასკვნით სიტყვაში?

აიჰან ჰასანლის თქმით, განაჩენში არ არის დაზუსტებული, თუ კონკრეტულად რა სახის შეთანხმება არსებობდა, როდის და როგორ მოხდა ეს შეთანხმება, ვინ ითამაშა ორგანიზატორის როლი, და ასევე, ვინ და როდის მიიღო გადაწყვეტილება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მიზნით.

გარდა ამისა, მისივე თქმით, გაურკვეველია, კონკრეტულად რა დააორგანიზეს ვასილ კაძელაშვილმა, ვეფხია კასრაძემ და ზვიად ცეცხლაძემ. თუ მათი მოქმედებები სინქრონიზებული იყო, აუცილებელია განმარყტება –  რამდენი ჯგუფი მოქმედებდა? ვინ რაში მონაწილეობდა ? და რა კონკრეტული წვლილი მიუძღოდა თითოეულ პირს?

ადვოკატი ამბობს, რომ სახეზე არც არის რაიმე სახის ჯგუფი. შესაბამისად, ინსაფ ალიევი ვერც მიიღებდა ამ ჯგუფში მონაწილეობას.

„სასამართლოს მსჯელობა წარმოდგენილია ჰიპოთეზურად, ზოგად ფორმაში და არ ემყარება ფაქტობრივად დადასტურებულ გარემოებებს.

საქმის მასალებში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომ ინსაფ ალიევი იცნობდა სისხლის სამართლის საქმეში ორგანიზატორებად ნახსენებ პირებს, ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს. არ იკვეთება რაიმე სახის წინასწარი ნაცნობობა ან კონტაქტი ბრალში ნახსენებ ე.წ. ორგანიზატორებთან, ხელმძღვანელებთან ან სხვა მსჯავრდებულებთან.

არც ერთი მტკიცებულება არ მიუთითებს, რომ ალიევს რაიმე კომუნიკაცია ჰქონია სხვა მსჯავრდებულებთან. არც სატელეფონო ზარები, არც შეტყობინებები, არც პირადი ან საჯარო კომუნიკაცია არ არსებობს დოკუმენტურად დადასტურებული კონტაქტის ფაქტი.

ამის დასამტკიცებლად შესაძლებელი იყო მობილური ტელეფონის ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარება ან მის ანძებთან დაკავშირებული ამონაწერების გამოთხოვა, რაც არ მომხდარა. შესაბამისად, კონტაქტისა და კავშირის არარსებობა შექმნის გონივრულ ეჭვს, რომელიც უნდა გადაწყდეს მსჯავრდებულის სასარგებლოდ, რაც სასამართლომ უგულებელყო”, – აცხადებს ადვიკატი.

ადვოკატი დამატებით გარემოებასაც გამოყოფს და ამბობს, რომ ალიევი ქართულ ენას არ ფლობს და ვერც გაიგებდა ე.წ. ორგანიზატორის ვიდეომიმართვის შინაარსს.

„თავად მოწმე-პოლიციელმა მხოლოდ ვარაუდის დონეზე დაასახელა შესაძლებლობა, რომ ვიღაცამ შეიძლება უთარგმნა მას, მაგრამ ასეთი პირი საქმეში საერთოდ არ ფიგურირებს და არც მისი არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებაა წარმოდგენილი”, – აცხადებს ადვოკატი.

ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით მიხედვით, ინსაფ ალიევის ქმედება იყო ერთჯერადი, სპონტანური, განხორციელებული ინდივიდუალურად, სხვებისგან იზოლირებულად. სასამართლოს პრაქტიკის თანახმად კი, მისი თქმით, როდესაც ქმედება ხდება სპონტანურად, კონკრეტულ სიტუაციაზე რეაგირებით, ეს გამორიცხავს ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობას. „ზუსტად ეს მოცემულობა გვაქვს ალიევის შემთხვევაში”, – ამბობს ის.

საქმეში არსებული ვიდეოები

ადვოკატი ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა გარემოებები, რომ ვიდეოჩანაწერებში არ იკვეთება ინსაფ ალიევის კომუნიკაცია სხვა პირებთან, რომ ის იღებდა ან გასცემდა რაიმე მითითებებს, არ არსებობს შეთანხმებული ან კოორდინირებული მოქმედების ნიშნები, და არ ფიქსირდება კომუნიკაციის არც ერთი საშუალების გამოყენების ფაქტი.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ ვიდეომასალა ვერ ადასტურებს ინსაფ ალიევის მონაწილეობას ორგანიზებულ ქმედებაში.

„გარდა ამისა, არც ერთ ვიდეოში არ ფიქსირდება პიროვნების ან ქონების დაზიანების ფაქტი. პირიქით, ვიდეოჩანაწერებში ჩანს ინდივიდუალური და სპონტანური მოქმედებები, რაც არსებითად ეწინააღმდეგება კოორდინირებული ან წინასწარ დაგეგმილი ქმედებების არსებობას.

არც ერთ ჩანაწერში არ იკვეთება ინსაფ ალიევის კოორდინაცია ან ურთიერთქმედება სხვა პირებთან. შესაბამისად, წარდგენილი ვიდეომტკიცებულებები რეალურად არ ამყარებს ბრალდების მხარის ვერსიას, არამედ, პირიქით, ადასტურებს და აძლიერებს დაცვის მხარის პოზიციას. ისინი მიანიშნებს, რომ მსჯავრდებულები მოქმედებდნენ სპონტანურად, კონკრეტული ვითარების გათვალისწინებით, და არა როგორც ორგანიზებული ჯგუფი”, – ამბობს ის.

აიჰან ჰასანლის თქმით, არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ინსაფ ალიევმა გამოიყენა იარაღი, რომელსაც ჰქონდა დაზიანების ან განადგურების უნარი – „ბრალდების მხარემ არ ჩაატარა ექსპერტიზა საგანთან დაკავშირებით, არ ჩაატარა შემთხვევის ადგილის დათვალიერება და არ მოიპოვა მნიშვნელოვანი მტკიცებულება. შესაბამისად, ვიდეოჩანაწერიდან შეუძლებელია დადგენა, იყო თუ არა საგანი მძიმე და შეეძლო თუ არა საფრთხის შექმნა”.

რატომ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა?

დაცვის მხარე ასევე მიიჩნევს, რომ განაჩენი არ შეიცავს სათანადო და დამაჯერებელ განმარტებებს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ მიიჩნია სასამართლომ ინსაფ ალიევის ქმედებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და რატომ სცნო ისინი სისხლის სამართლის დამნაშავედ.

„არ არის განსაზღვრული და დასაბუთებული, თუ რა კრიტერიუმებით გადაამეტა ალიევის ქმედებამ იმ ზღვარს, რაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და სისხლის სამართლის დანაშაულის გარჩევას განსაზღვრავს. აღნიშნული ზღვარის გაწყვეტის გარეშე შეუძლებელია დასაბუთებულად ითქვას, რომ მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს და არა ადმინისტრაციული”, – ამბობს ის.