ალიევის თქმით, ჩამოვარდნილმა თვითმფრინავმა დაზიანება „მიწიდან სროლის შედეგად“ მიიღო

პუბლიკა

აზერბაიჯანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ილჰამ ალიევმა კვირას განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი, რომლის ჩამოვარდნასაც 38 ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა რუსეთის თავზე ფრენისას „მიწიდან სროლის გამო“.

მისივე თქმით, სჯერა, რომ თვითმფირნავი განზრახ არ ჩამოაგდეს, თუმცა მან რუსეთის ზოგიერთი წრე დაადანაშაულა, რომ სურდათ ავარიის ბუნების შესახებ სიმართლე დაემალათ.

აზერბაიჯანულ ტელევიზიასთან ინტერვიუში ალიევმა თქვა, რომ თვითმფრინავი დაზიანდა „გარედან“ რუსეთის ტერიტორიაზე და რომ „ელექტრონული ომის სისტემებმა“ თვითმფრინავი კონტროლიდან გამოიყვანეს. მისივე განცხადებით, ფაქტი, რომ ფიუზელაჟი სავსეა ნახვრეტებით, მიუთითებს იმაზე, რომ თეორია, თითქოს მას ფრინველების გუნდი შეეჯახა, დღის წესრიგიდან მთლიანადაა ამოღებული.

„სამწუხაროდ, რუსეთში ზოგიერთმა წრემ ამ თეორიის წამოყენება ამჯობინა. ჩვენთვის კიდევ ერთი სამწუხარო და გასაკვირი მომენტი იყო ის, რომ რუსეთის ოფიციალურმა უწყებებმა წამოაყენეს თეორიები თვითმფრინავში გაზის ბალონის აფეთქების შესახებ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამან ნათლად აჩვენა, რომ რუსულ მხარეს სურდა ამ საკითხის მიჩუმათება“, – თქვა ალიევმა.

ალიევმა თქვა, რომ თვითმფრინავს შემთხვევით დაარტყეს და გამორიცხა „განზრახ ტერორისტული აქტი“. მან გააკრიტიკა რუსეთის ხელისუფლება პასუხისმგებლობის არ აღების გამო.

„დანაშაულის აღიარება, დროული ბოდიშის მოხდა მეგობარ ქვეყნად მიჩნეული აზერბაიჯანისთვის და ამის შესახებ საზოგადოების ინფორმირება – ეს ყველაფერი იყო ზომები და ნაბიჯები, რაც უნდა გადადგმულიყო. სამწუხაროდ, პირველი სამი დღე რუსეთიდან რაღაც აბსურდული თეორიების გარდა არაფერი გვსმენია“,- განაცხადა მან.

შაბათს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბოდიში მოუხადა აზერბაიჯანელ კოლეგას “ტრაგიკული ინციდენტის” გამო, მაგრამ პასუხისმგებლობა არ აიღო.