ჰომოფობიური, ქსენოფობიური, სექსისტური და ულტრამემარჯვენე პლატფორმა „ალტ-ინფოს“ გვერდი „Alt ინფორმაცია“ Facebook-ში აღარ იძებნება. ბოლო კვირაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც სოციალურმა ქსელმა წაშალა „ალტ-ინფოს“ გვერდი.
წინა შემთხვევა 11 ივლისს დაფიქსირდა. იმავე დღეს ჰოსტინგ კომპანია iPage.com-მა „ალტ-ინფოს“ ვებგვერდის მუშაობა შეაჩერეს.
„ალტ-ინფოს“ წევრები 5-6 ივლისის ძალადობრივი აქციების თანაორგანიზატორები და მონაწილეები არიან.
დღეს დილიდან, ულტრამემარჯვენე პლატფორმა „ალტ-ინფოს“ ყველა წევრი გადაყვანილი იყვნენ პოლიციაში. ამის შესახებ „ალტ-ინფოს“ წამყვანმა თათია გაბრიჭიძემ პლატფორმის „საგანგებო ეთერით“ განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ საუბარია 17 პირის პოლიციის სამმართველოებში გადაყვანასა და მათი ბინების გაჩხრეკვაზე. ამ ეტაპამდე ნაწილმა უკვე დატოვა პოლიციის სამმართველოები.
ცნობისთვის, 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი „ღირსების მარში“ თბილისის ცენტრში განვითარებული ძალადობრივი თავდასხმების გამო არ შედგა.
მოძალადე ჯგუფების თავდასხმის შედეგად დაშავდა 55 პირი, მათგან 53 მედიის წარმომადგენელია. დაშავებულთაგან ერთ-ერთი, „TV პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ექსპერტიზა.