„ალტ-ინფო”კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულს ამართლებს, დააკისრეთ პასუხისმგებლობა - GDI

პუბლიკა

GDI-ს თავმჯდომარემ, ედუარდ მარიკაშვილმა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ტელეკომპანია „ალტ-ინფოს“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით მიმართა.

ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ტელეკომპანია „ალტ-ინფოს“ მიერ გაკეთებული განცხადებები ემსახურება რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევის ფაქტების გამართლებას და კრიმინალის გაიდეალებას, რაც აკრძალულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით.

„2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრისა და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის შემდეგ, „ალტ-ინფო“ არაერთ გადაცემაში ცდილობს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების უკრაინის შეცდომების შედეგად წარმოჩენას, რაც მის მიერ არჩეულმა პროდასავლურმა გეზმა გამოიწვია.

მსგავსი განცხადებებით, „ალტ-ინფო“ ამართლებს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის რესპუბლიკაში ომის, ლეტალური ძალის არადისკრიმინაციულად გამოყენებისა და ამდენად, ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის ფაქტებს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ „ალტ-ინფოს” მაუწყებლობის მთელი ნარატივი არის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამართლება უკრაინის მიერ არჩეული ევრო-ატლანტიკური კურსის არგუმენტებით.

ასევე, სახეზეა ამ კონფლიქტის მთავარი შემოქმედის, ვლადიმერ პუტინისა და მისი ქმედებების გაიდიალება, რითაც ტელეკომპანია ცდილობს რუსეთის აგრესიული სამხედრო ინტერვენციის გამართლებას, ომის დანაშაულებისთვის მორალური საფუძვლის წარმოჩენასა და მის დასაბუთებას”, – ნათქვამია განცხადებაში.