„ალტ-ინფომ” რეესტრში ახალი პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციის პროცედურები დაიწყო

პუბლიკა

პრორუსულმა, ჰომოფობიურმა ჯგუფმა „ალტ-ინფომ” ახალი პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციის პროცედურები დაიწყო.

საჯარო რეესტრის თანახმად, განაცხადი მათ 27 თებერვალს შეიტანეს. განმცხადებელი გიორგი ქარდავაა, პარტიის სახელწოდება კი — „კონსერვატორები საქართველოსთვის“. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განსახილველად საჭირო განცხადება და შესაბამისი დოკუმენტები, მათ შორის პარტიის ყრილობის ოქმი, მიღებულად ცნო.

„რადიო თავისუფლებას“ „ალტ ინფოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კონსტანტინე მორგოშიამ უთხრა, რომ პარტიას არეგისტრირებენ, რადგან მათი მხარდამჭერების მოხოვნაა, გააგრძელონ პოლიტიკური საქმიანობა.

მორგოშიასვე თქმით, მათ წესდება „ქართული ოცნებისგან“ „წერტილ-მძიმით“ გადააკოპირეს.

2024 წლის 8 აპრილს „ალტ ინფოს“ პარტია „კონსერვატიულ მოძრაობას“ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაცია გაუუქმა. მიზეზად ხარვეზი დასახელდა. კერძოდ, რეესტრის თანახმად, პარტიას 2021 წლის დეკემბერში გამართულ ყრილობაზე მიღებული წესდება უნდა წარედგინა, რაც არ გაუკეთებია.

გაუქმებამდე რამდენიმე დღით ადრე, 4 აპრილს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ცესკომ საარჩევნო სუბიექტად დაარეგისტრირა წარდგენილი ხელმოწერების ფონზე. როგორც პარტიის წევრები ამბობდნენ, მათ საჭირო 25 ათასი ხელმოწერის ნაცვლად 50 ათასი წარადგინეს.

„ალტ ინფოს“ პარტიის გაუქმების შესახებ რეესტრის გადაწყვეტილების შემდეგ მათ „ქართულმა იდეამ“ პარტია აჩუქა. 26 აპრილს რეესტრმა „ქართული იდეის“ გაუქმების პროცესიც დაიწყო. მიზეზად დასახელდა „რეესტრში შესული ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვა/შინაარსით საჩივარი, რომელიც ეხება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ქართული იდეა“ რეგისტრირებული მონაცემების კანონმდებლობასთან შესაბამისობის მოკვლევას“.

მაშინ „ალტ ინფომ“ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ სურდა, მათი სახით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კონკურენტი ჰყოლოდა.

„ალტ ინფომ” 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა „პატრიოტთა ალიანსთან” ერთად მიიღო – ჯგუფის წევრები: გიორგი ქარდავა, ზურაბ მახარაძე, ირაკლი მორგოშია, ირაკლი მარტინენკო და შოთა მარტინენკო სწორედ „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიაში იყვნენ.