„ალტ-ინფოს“ ძალადობრივი ჯგუფი ნატა ფერაძის სახლთან მივიდა - შსს აქციის მონაწილეებს აფრთხილებს

პუბლიკა

აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან პრორუსი ძალადობრივი „ალტ-ინფოს“ წევრები არიან მისული. ისინი ამბობენ, რომ ნატა ფერაძეს პასუხი უნდა მოსთხოვონ იმის გამო, რომ სამების ტაძარში საღებავი შეასხეს ხატს, რომელზეც წმ. მატრონასთან ერთად საბჭოთა დიქტატორი სტალინია გამოხატული.

მოძალადე ჯგუფს ნატა ფერაძის სახლთან მისვლის საშუალებას პოლიცია არ აძლევს. სამართალდამცველთა კორდონმა გზა გადაკეტა.

უწყებამ განცხადებაც გაავრცელა და მოქალაქეებს კანონის დაცვისკენ მოუწოდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თბილისში, ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტის საცხოვრებელ სახლთან მობილიზებული არიან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით. მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები აქციაზე აცხადებენ, რომ „პოლიციას მიაწვებიან, რომ გადაწყვეტილება მიიღონ, გადაიყვანონ ნატა ფერაძე „კაპეზეზე““.