„ალტ ინფოს" განცხადებით, რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო 

პუბლიკა

ძალადობრივი, პრორუსული პარტია „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს” განცხადებით, საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო.

კერძოდ, ზურაბ მახარაძის თქმით, 25 აპრილს მათ ცესკოდან მიიღო წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ რეესტრში შესულია ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვა/შინაარსით საჩივარი, რომელიც ეხება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ქართული იდეა“ რეგისტრირებული მონაცემების კანონმდებლობასთან შესაბამისობის მოკვლევას.

ცესკოს წერილის თანახმად, „საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე, ვიდრე არ დადგინდება პარტიის რეგისტრირებული მონაცემების კანონმდებლობასთან შესაბამისობა, მათ შორის ცესკოსადმი რეგისტრაციის მოთხოვნით წარმოდგენილ განცხადებაზე უფლებამოსილი პირის კანონიერება, ცესკო ზემოაღნიშნული ვადით აჩერებს საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურების განხილვას”. 

„ეს წერილი დაგვახვედრა ცეესკომ და გვითხრა, რომ არ დაითვლის ჩვენს მიტანილ 70 000 ხელმოწერას, რადგან რეესტრმა ჩვენი ახალი პარტიის, „ქართული იდეის” გაუქმების პროცესიც დაიწყო”. – დაწერა ზურაბ მახარაძემ ფეისბუქზე.

„ალტ ინფოს” პარტიას ცესკომ რეგისტრაცია 2024 წლის 8 აპრილს გაუუქმა. მიზეზად ხარვეზი დასახელდა. კერძოდ, რეესტრის თანახმად, პარტიას 2021 წლის დეკემბერში გამართულ ყრილობაზე მიღებული წესდება უნდა წარედგინა, რაც არ გაუკეთებია.

გაუქმებამდე რამდენიმე დღით ადრე, 4 აპრილს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ცესკომ საარჩევნო სუბიექტად დაარეგისტრირა წარდგენილი ხელმოწერების ფონზე. როგორც პარტიის წევრები ამბობდნენ, მათ საჭირო 25 ათასი ხელმოწერის ნაცვლად 50 ათასი წარადგინეს.

„ალტ ინფოს” პარტიის გაუქმების შესახებ რეესტრის გადაწყვეტილების შემდეგ მათ პარტია „ქართულმა იდეამ” აჩუქა. დღეს, 26 აპრილს „ალტ ინფომ” კიდევ მიიტანა ხელმოწერები ცესკოში სარეგისტრაციო პროცედურების გავლის მიზნით.

განახლება:

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „ალტ ინფოს” განცხადებით უპასუხა. მასში ნათქვამია, რომ „ქართული იდეამ“ ცესკოს 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად 17 აპრილს მიმართა.

„მათ გადაეცათ მხარდამჭერების ბლანკის ფორმა და მხარდამჭერთა სიების წარმოდგენისთვის განესაზღვრათ ვადა მიმდინარე წლის 17 ივნისამდე”. – აცხადებს ცესკო.

ცესკო ასევე მიუთითებს, რომ 25 აპრილს მათ საჯარო რეესტრმა მიმართა და აცნობა, რომ წარმოებაში აქვთ საჩივარი, რომელიც ეხება „ქართული იდეის” რეგისტრირებული  მონაცემების კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხს.

„აღნიშნულიდან გამომდინარე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე, ვიდრე არ დადგინდება პარტიის რეგისტრირებული მონაცემების კანონმდებლობასთან შესაბამისობა, მათ შორის ცესკოსადმი რეგისტრაციის მოთხოვნით წარმოდგენილ განცხადებაზე უფლებამოსილი პირის კანონიერება, შეაჩერა საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურების განხილვა”. – აცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

„ალტ ინფო” მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებას” არ სურს, მათი სახით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კონკურენტი ყავდეს.