„ალტ-ინფოს“ კიდევ ერთი Facebook-გვერდი გააქტიურებიდან 3 დღეში ისევ აღარ იძებნება

პუბლიკა

ჰომოფობიური, ქსენოფობიური, სექსისტური და ულტრამემარჯვენე პლატფორმა „ალტ-ინფოს“ გვერდი „ალტერნატიული ხედვა“ Facebook-ზე ისევ აღარ იძებნება, – ამის შესახებ იუწყებიან თავად პლატფორმის ხელმძღვანელებიც. ბოლო კვირაში ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც Facebook-მა „ალტ-ინფოს“ გვერდი დაბლოკა.

ბოლო პერიოდში „ალტ-ინფოს“ გვერდი ორჯერ წაიშალა – ჯერ 11 ივლისს, ხოლო შემდეგ 16 ივლისს. 11 ივლისს ჰოსტინგ კომპანია iPage.com-მა „ალტ-ინფოს“ ვებგვერდის მუშაობაც შეაჩერეს.

„ალტ-ინფოს“ წევრები 5-6 ივლისის ძალადობრივი აქციების თანაორგანიზატორები და მონაწილეები არიან.


ცნობისთვის, 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი „ღირსების მარში“ თბილისის ცენტრში განვითარებული ძალადობრივი თავდასხმების გამო არ შედგა.

მოძალადე ჯგუფების თავდასხმის შედეგად დაშავდა 55 ადამიანი, მათგან 53 მედიის წარმომადგენელია. დაშავებულთაგან ერთ-ერთი, „TV პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ექსპერტიზა.