„ალტ-ინფოს“ ხელით ჩადენილი ყველა ძალადობა, პირადად გომელაურის და ღარიბაშვილის პასუხისმგებლობაა - ნაცვლიშვილი

პუბლიკა

„ყველა ძალადობა, რომელიც „ალტ – ინფოს“ ძალადობრივი ჯგუფის ხელით განხორციელდება, იქნება პირადად გომელაურის და ღარიბაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი“ – აცხადებს პარტია „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი.

ამის შესახებ ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და გუშინ ქობულეთში უკრაინის მხარდამჭერ და „ალტ-ინფოს“ ოფისის გახსნის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

„მინდა, მოვუწოდო შსს-ს, დაუყოვნებლივ გადადგას ის სამართლებრივი ნაბიჯები, რომელიც აქამდე ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ვნახეთ, როცა ძალადობრივი ჯგუფი „ალტ- ინფო“ მოქალაქეებს ავიწროებს, ემუქრება, სცემს, მათ შორის, სცემს სიკვდილამდე.

მოვუწოდებ შს მინისტრს, ყველა ძალადობა, რომელიც ამ ჯგუფის ხელით განხორციელდება, იქნება პირადად გომელაურისა და ღარიბაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი. თქვენ გაქვთ ყველა საკანონმდებლო ბერკეტი საიმისოდ, რომ შეაფასოთ მათი უკანონო მოქმედებები და იმოქმედოთ და თქვენ გაქვთ არა მხოლოდ ამის უფლება, არამედ ამის ვალდებულება. ამის ნაცვლად, ჩვენ ვხედავთ სახელმწიფო პოლიტიკას, რომელიც ხელს უწყობს ძალადობრივი ჯგუფებისთვის გარემოს შექმნას, რომელიც მათ კიდევ უფრო გაძლიერებას და გაფართოებას აძლევს გასაქანს,“ – განაცხადა ნაცვლიშვილმა.


უკრაინის დროშებითა და შეძახილებით – „არა რუსეთს“ ქობულეთში აქცია-მსვლელობა გაიმართა. აქციის მონაწილეებმა „ალტ-ინფოს“ პარტიის ოფისთანაც გაიარეს, რასაც მოგვიანებით ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა.

როგორც facebook-ზე აქციის მონაწილე თორნიკე მამალაძე წერს, „ქობულეთში პროპუტინისტური პარტიის გახსნის გაპროტესტების და უკრაინის სოლიდარობის აქციის დროს „ალტ-ინფომ“ კუნთმაგარი ბიჭები მოგვისია და ხელკეტებით გამეტებით გვცემეს, მათ შორის, სკოლის მოსწავლეებს“.