„უმრავლესობა არის იმ აზრზე, რაც ემთხვევა საბედნიეროდ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ოფიციალურ პოზიციას და ეს არის ის, რომ ალტერნატივა არ აქვს არც დიალოგს და არც კანონის უზენაესობას“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე ოთხი ძირითადი თემა განიხილეს იმ მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე, რაც ამ დღეების განმავლობაში ქვეყანაში ხდება.
„ყოველთვის მზად ვიყავით და ახლაც მზად ვართ, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე ვიყოთ, იქ, სადაც ვიყავით, ჩვენ იქიდან არსად წავსულვართ. მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ და ჩვენი წილი, სხვაზე მეტი პასუხისმგებლობა ავიღოთ იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანამ გააგრძელოს დემოკრატიული, სტაბილური განვითარება და აქ არ იყოს შეფერხება არც ვინმეს პროვოკაციული ქმედებების გამო.
ეს პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს ყველამ, მათ შორის ჩვენმა ოპონენტებმა, რომ სტაბილური განვითარება ქვეყანამ განაგრძოს მიზნისკენ, რაც არის ნატო და ევროკავშირი, ეს არის ჩვენი დეკლარირებული მიზანი“, – განაცხადა მდინარაძემ.