„ბრძოლის გაგრძელებას ვაპირებ ისე, როგორც ვიბრძოდი დღემდე. ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვან და დავსჯი ყველა იმ ადამიანს“, – განუცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს.
პროკურატურის ცნობით, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე გამოძიება შეწყდა.
თემირლან მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თემირლანს არ ჰქონდა ხელყუმბარა. მისი თქმით, 3 საათის განმავლობაში მისი ოჯახი იყო დატყვევებული, რადგან სპეცრაზმელები და სუსი ცდილობდნენ დნმ-ისა და თითის ანაბეჭდების გადატანას ხელყუმბარაზე.
„თემირლანს ხელყუმბარა არ ჰქონია, ხელყუმბარა არის შემოტანილი. ყველა მტკიცებულება, ყველა ფაქტი იმას გვეუბნება, რომ 3 საათის განმავლობაში იმ შემოტანილ ხელყუმბარასთან ერთად ჰყავდათ [თემირლანი] სპეცრაზმელებსა და სუს-ის თანამშრომლებს ხელში. 3 საათის განმავლობაში მე და ჩემი ოჯახი ვიყავით ტყვედ აყვანილი იარაღის ქვეშ, მძევლად. 3 საათის განმავლობაში შეეცადნენ, გადაეტანათ თითის ანაბეჭდები ოფლით, ტანსაცმლით, ყველაფრით, მაგრამ ერთადერთი შეუძლებელი აღმოჩნდა თითის ანაბეჭდების გადატანა და გადაიტანეს ოფლისა და დნმ- ის ანალიზი“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
თემირლან მაჩალიკშვილის დედა მედიკო მარგოშვილი პროკურატურის გაანცხადების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას შეუძლოდ გახდა.
პროკურატურის განცხადების თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელის მოთხოვნას, ეჩვენებინა მისთვის ხელები, სცადა საბრძოლო მდგომარეობაში მოეყვანა ხელყუმბარა, რის გამოც მისი მიმართულებით სპეცრაზმელმა გაისროლა.