„ამ ცხოვრების დედაც" - დიდუბე-ჩუღურეთის განყოფილებას აქტივისტებმა პლაკატი მიაკრეს

პუბლიკა

დიდუბე-ჩუღურეთის იმ განყოფილებასთან, სადაც 15 წლის ლუკა სირაძე გამოიკთხა აქტივისტები მივიდნენ და წარწერით – „ამ ცხოვრების დედაც” პლაკატი გააკრეს. პოლიციის შენობასთან იმყოფებოდნენ მოძრაობა „გაბედესა” და „სირცხვილიას” წევრები. „პუბლიკის” კორესპონდენტის ცნობით, მათი ნაწილი ორთაჭალაში, პოლიციის მთავარ სამმართველოსკენ გაემართა.

სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაკავებულია დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს გამომძიებელი მ.ჩ. მას ბრალი ჩვენების მიცემის იძულებაში ედება.

15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც, სავარაუდოდ, პოლიციის ზეწოლის შემდეგ, თვითმკვლელობა სცადა, იაშვილის კლინიკაში 20 საათსა და 10 წუთზე გარდაიცვალა.

15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა 10-11 დეკემბერს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ სცადა. თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი, სავარაუდოდ, პოლიციის მხიდან ძალადობა გახდა. მოზარდის დედის და ინტერესების დამცველის ინფორმაციით, განყოფილებაში გამოკითხვის დროს მოზარდზე ძალადობა ინტენსიური იყო, ის რამდენიმე წუთით გაიყვანა განყოფილების თანამშრომელმა ცალკე ოთახში, საიდანაც მოზარდი ატირებული დაბრუნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია მას „მწვანე სკოლის” კედლების მოხატვის აღიარებას სთხოვდა.