მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ თუ რუსთავის ციხეში გადაიყვანენ, მისი მდგომარეობა „მკვეთრად გაუარესდება” და „რამდენიმე თვის წინანდელ მდგომარეობაში” აღმოჩნდება.
ექსპრეზიდენტმა გიორგი გახარიას გუნდის დეპუტატებს უპასუხა, რომლებმაც სააკაშვილის ციხეში დაბრუნება მოითხოვეს.
სააკაშვილი ამბობს, რომ მათ, ვინც მის ციხეში გადაყვანას მოითხოვენ, რეალურად უნდათ, რომ სააკაშვილს „ამომრჩეველთან კომუნიკაციის შესაძლებლობა წაართვან”, „ცუდად გახდეს და მოკვდეს”.
სააკაშვილი წერს, რომ მისი „სიმპტომების 80% ჯერ არსად წასულა და ეს მთავრობამ შესანიშნავად იცის”. ამავდროულად, განმარტავს, რომ ისევ ციხეში, ისევ „უჟანგბადო სივრცეშია”, სადაც შეზღუდული აქვს კონტაქტები.
„გუშინ, ადამიანურობისგან სრულიად დაცლილმა ორიოდე არსებამ, პარლამენტში ჩემი სასწრაფოდ ციხეში გადაყვანა მოითხოვა, მიზეზი ჩემი „სასამართლო” სხდომაზე ჩართვა იყო. თურმე თავიდან ბოლომდე პოლიტიკურ საქმეზე პოლიტიკაზე საუბარი როგორ გავბედე და თანაც, კიდევ უფრო დიდ ცოდვად რამდენიმე ფრაზის უკრაინულად თქმა ჩამითვალეს. ამ “—–” (დაარქვით რაც გსურთ) მინდა ვუთხრა, ჯერ ერთი, მე ახლაც ციხეში ვარ, ბოლო წელიწადზე მეტს უჟანგბადო სივრცეში ვატარებ, რომელშიც მზის სხივი არ აღწევს და არც სეირნობაა შესაძლებელი. აქ მე უკიდურესად შემიზღუდეს კონტაქტები და ერთადერთი, ვისი რეგულარულად ნახვის ფუფუნება მაქვს, არის დედაჩემი, რომელსაც მოაქვს საკვები, მას შემდეგ, რაც ციხეში მძიმე მეტალებით მოწამვლა დამიდასტურდა. ამ არსების მთავარი გაღიზიანების წყარო არის ის, რომ მე აღვიდგინე საუბრის უნარი და რუსთავის ციხეში გადაყვანაც სწორედ იმიტომ სურთ, რომ იქ სამედიცინო ყურადღების უკიდურესი შეზღუდვის პირობებში, მდგომარეობის მკვეთრი გაუარესებისა და რამდენიმე თვის წინანდელ მდგომარეობაში დაბრუნების დიდი შანსია.
ამათ სურთ, რომ მე წამერთვას ამომრჩეველთან კომუნიკაციის შესაძლებლობა… ამათ დიდი იმედი აქვთ, რომ ცუდად გავხდები და არაფრის თავი არ მექნება ან, თუ მოვკვდები, მაშინ ჰგონიათ, რომ ბედნიერება ეწვევათ. რაც შეეხება ჩემს სიმპტომებს, მათი 80% არსად წასულა და ეს მთავრობამ შესანიშნავად იცის”, – წერს სააკაშვილი.
გახარიას პარტიის წევრმა, მიხეილ დაუშვილმა მმართველ გუნდს მოუწოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანოს. დაუშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს სასამართლო სხდომებზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დარღვევით ეძლევა პოლიტიკური განცხადებების გაკეთების საშუალება, რაც „ოცნების“ მიერ ორგანიზებული ენმ-ის ხელახალი გაერთიანების სპეცოპერაციაა.
„უცხო ქვეყნის მოქალაქე, საპატიმრო პალატაში მყოფი ბრალდებული სრულფასოვნად მონაწილეობს ეროვნულ პოლიტიკურ პროცესებში, რასაც კანონი უკრძალავს, მაგრამ არ უკრძალავს და მეტიც, ამის უფლებას აძლევს „ოცნება“. მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ეს წინასაარჩევნო სპექტაკლი, ნუ იყენებს სასამართლოს საკუთარი წინასაარჩევნო პიარმიზნების მისაღწევად; ნუ ეხმარება დაშლილ „ნაცმოძრაობას“ ხელახლა გაერთიანებაში; აცადოს სასამართლოს მართლმსაჯულების აღსრულება; შეწყვიტოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სისტემატური დარღვევა და გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში (ახალი წლების შემდეგ მაინც). ასევე, ხელისუფლებამ უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის აღსრულება და ნუ აძლევს უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის და მონაწილეობის უფლებას“, – განაცხადა დაუშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი გუშინ, 20 დეკემბერს გაიმართა. სხდომის დასაწყისში სააკაშვილმა სიტყვის უფლებით ისარგებლა და პოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრა.