ამ დღეებში მისაღები გვაქვს ისტორიული გადაწყვეტილება - ნათელაშვილი

პუბლიკა

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით, ქვეყანას ისტორიული გადაწყვეტილება აქვს მისაღები.

„კაცმა მარტო იმიტომ უნდა იცოცხლოს, რომ ეს სილამაზე ნახოს თქვენი სახით. ჩვენ ვერაფერს დაგვიშავებს კორონა და ეპიდემია, ჩვენი მთავარი მტერია ბიძინა ივანიშვილი, რომელიც უნდა მოვიცილოთ.

დიდი ილია ამბობს, ჩემო ლამაზებო და ძვირფასებო, „თავისუფლების შოვნა სჯობს საშოვნელსა ყველასა“. დღეს დიდი ილიას დაბადების დღეა და ხედავთ, რა დამთხვევა გამოვიდა – თავისუფლებისათვის ქართველი ერი მოედანზეა. ის თავისუფლებას აუცილებლად მოიპოვებს, რადგან ის იმსახურებს თავისუფლებას.

გუშინ ამერიკელმა ხალხმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და თქვა, რომ ოლიგარქიის ადგილი პოლიტიკაში არ არის. ეს ისტორიული გადაწყვეტილება ჩვენ მისაღები გვაქვს ამ დღეებში, ოლიგარქია თან რუსული უნდა დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ამ წუთებში რუსთაველზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები მხარდამჭერებთან ერთად არიან შეკრებილი.

31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა უარი თქვეს საპარლამენტო მანდატებზე და ერთობლივ დოკუმენტსაც მოაწერეს ხელი. მათ ორი მთავარი მოთხოვნა აქვთ – ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა.