პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, დღეს ჟურნალისტების შეკითხვაზე, ევროპარლამენტარების წერილის შესახებ, განაცხადა, რომ სიცრუეა, თითქოს ამ წერილს ხელს ბევრი ევროპარლამენტარი აწერს
„რამდენი ევროპარლემენტარი აწერს ხელს? 70? – ეს არის ტყუილი. დღევანდელი დილის მდგომარეობით 1 პარლამენტარი აწერდა ხელს, თუმცა ესეც არის პრობლემა, რა თქმა უნდა.
… გადაამოწმეთ ციფრები, თუმცა რაც შეეხება თუნდაც ერთს, პრობლემა მდგომარეობს რაში?! ვინც აწერს ხელს ასეთ წერილს, ის ხდება, რა თქმა უნდა, იმ დანაშაულის თანამონაწილე, რომელიც მიუძღვის მიხეილს სააკაშვილს სახელმწიფოს, საზოგადოებისა და ქართველი ხალხის წინაშე, ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე. ეს არ არის ის, რასაც ჰქვია ევროპული ღირებულებები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ევროპელი პოლიტიკოსების წერილი შეაფასა დღეს, ასევე, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.
„მუდმივი სპეკულირება მიმდინარეობს იმის თაობაზე, რომ ვიღაც ევროპარლამენტარი გამოდის ბრძნული სახით და გვაძლევს ბრძნულ რჩევებს.
მე ერთ რამეს ვეტყვი ყველას: ამ სიაში, მე არ მინახავს, მაგრამ რაც მომიყვნენ, სხვათა შორის ბევრი ქართული გვარიც აღმოვაჩინეთ. როდის გახდნენ ქართველები ევროპარლამენტარები, არ ვიცით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მინდა, ერთი რამ გითხრათ, რომ კანონის აღსრულებას და სამართლის აღსრულებას ვერავინ აღუდგება წინ, რამდენი ევროპარლამენტარიც უნდა გამოვიდეს, სრულად გამჭვირვალე პროცესი გვაქვს, უზრუნველყოფილია კანონის უზენაესობა და ეს უნდა იყოს ყველასთვის ცხადი. აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის პირადად, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხი რას იტყვის.
სააკაშვილი წარდგა მართლმსაჯულების წინაშე, მას ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი, ეს არის დადგენილი გამოძიების, პროკურატურის და სასამართლოს ყველა ინსტანციის მიერ. სამართლის აღსრულებას წინ ვერავინ აღდუგება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პოლიტიკოსები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, ყოფილი ელჩები და ანალიტიკოსები ღია წერილს აქვეყნებენ ევროპული საბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტებისადმი და სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ.
წერილის ავტორებს შორის არიან უკრაინისა და ლატვიის ყოფილი პრეზიდენტები, შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ევროპარლამენტარები, ლიეტუვის სეიმის წევრები, ელჩები და ანალიტიკოსები. წერილს ხელს 72 პოლიტიკოსი აწერს.