ამ დოკუმენტის არმიღება არ არის არავითარი პრობლემა – კობახიძე სტრასბურგში რეზოლუციის ჩაგდებაზე

პუბლიკა

დღეს პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე, რომელზეც ირაკლი შოთაძის კანდიდატურა უნდა დამტკიცდეს, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ასოცირების კომიტეტის სხდომის შესახებ, რომელიც გასულ კვირას გაიმართა და სადაც საქართველოზე ერთობლივი რეზოლუციის ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ.

„ამ შეხვედრის პარალელურად გაიმართა შეხვედრები ევროპარლამენტარებთან და ისინი აღნიშნავენ საქართველოს პროგრესს ევროინტეგრაციის კუთხით. საქართველო ლიდერია, ამ თვალსაზრისით. ეს პროგრესი იყო ასახული დეკლარაციის პროექტში, რომელიც ესტონელ თანათავჯდომარესთან ერთად მომზადდა. როგორც მოგეხსენებათ, ოპოზიციას ჰქონდა მთელი რიგი მცდელობები, რომ ცვლილებები შეეტანა ამ დეკლარაციაში. იყო დოკუმენტის პოლიტიზების მცდელობა და მცდელობა, რომ არასწორი ინფორმაცია ასახულიყო ამ დოკუმენტში.

საბოლოო ჯამში ასოცირების კომიტეტმა ჩააგდო ოპოზიციის მიერ ინიცირებული ცვლილებები, რისთვისაც მადლობა უნდა გადავუხადოთ ქართულ დელეგაციას, რომელიც იქ იყო წარმოდგენილი და, ასევე, მადლობა უნდა გადავუხადოთ ევროპარლამენტარებს, რომლებმაც არ დაუჭირეს მხარი შესაბამის ცვლილებებს. საბოლოო ჯამში  ჩვენმა ოპონონტებმა გააკეთეს ყველაფერი, რომ დეკლარაცია არ დამტკიცებულიყო. ეს პოლიტიკური დოკუმენტი არაა. იქ ასახულია პროგრესი, რომელსაც ქვეყანა განიცდის ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე. ასახულია ვალდებულებების შესრულებაზე ინფორმაცია და ამ ფონზე გასაოცარი იყო მათი სიხარული, რომელიც გამოხატეს ამ დოკუმენტის არდამტკიცებასთან დაკავშირებით.  ამ დოკუმენტის არმიღება არ არის არავითარი პრობლემა, ბუნებრივია, „ქართული ოცნებისთვის“ და არც სახელმწიფოსთვის არ შექმნის პრობლემას. საქართველო გააგრძელებს წინსვლას და დარჩება ლიდერად ევროინტეგრაციის თვალსაზრისით“. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.