საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომაზე კორონავირუსთან დაკავშირებით ბოლო მონაცემებზე ანგარიში წარადგინა.
ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში დროულად აღმოაჩინეს და ინფიცირებული ადამიანის იზოლაციისთვის საჭირო ზომები დაუყოვნებლივ მიიღეს.
რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტთა მდგომარეობას, მინისტრის თქმით, გუშინ, ღამით საავადმყოფოდან საკარანტინო ზოლში გადაიყვანეს 13 პაციენტი, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულები არ არიან.
„ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება 10 პაციენტი, მათ შორის, 5 არის იტალიიდან ჩამოსული – იტალიის ერთი და საქართველოს 4 მოქალაქე; 5 არის ირანიდან, მათ შორის, ერთი ქართველი, დანარჩენი აზერბაიჯანის მოქალაქეები. ჩვენ გვაქვს საშუალება, მოქალაქეები, რომლებიც ახლო კონტაქტში იყვნენ ინფიცირებულებთან და მოდიან საქართველოში მაღალი რისკის ზონებიდან, მოვათავსიოთ კარანტინში“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საავადმყოფოები მობილიზებულია ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში.
„მე ვარწმუნებ საზოგადოებას, ამ დროისათვის საქართველოში არ გვაქვს რისკი, რომ კორონავირუსი ფართოდ გავრცელდეს“, – აღნიშნა მინისტრმა.
საქართველოში გუშინ კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. მინისტრის თქმით, ინფიცირებული პირი საქართველოს მოქალაქეა და ის ირანიდან საქართველოში აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება და მკურნალობას გადის.
ტიკარაძის განცხადებით, პაციენტი საბაჟოდან პირდაპირ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში და მას პირდაპირი შეხება სხვა პირებთან არ ჰქონია. მინისტრის თქმით, ირანთან მიმოსვლა ორი კვირით შეიზღუდება.