ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით დარჩენილია ხანძრის 8 კერა - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ტყის ხანძრების შესახებ განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს მასშტაბით ტყის და მინდვრის ხანძრებს ორი ვერტმფრენი, 70-ზე მეტი ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 700-ზე მეტი მეხანძრე- მაშველი ებრძვის.
“ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით დარჩენილია ხანძრის 8 კერა, საიდანაც 1 ლოკალიზებულია. ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა. ბოლო სამი დღის განმავლობაში დაფიქსირდა 250 ხანძრის კერა, ტყესა და მინდვრებზე, მათგან 242 ლიკვიდირებულია.” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, შიდა ქართლში, კასპში, რკონის ხეობაში ვერტმფრენის მუშაობის შემდეგ ვითარება დასტაბილურდა, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, მეხანძრე მაშველები მთელი ღამე ხეობაში დარჩებიან.

რაჭა-ლეჩხუმში ხანძარი ლოკალიზებულია სოფელ ჩქუმში. ონჭევი- წოლასა და ლაილაშში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

იმერეთში ლიკვიდირებულია ხანძრები წყალტუბოში, სოფელ ზარათში და ხონში, სოფელ ძეძილეთში.

ქრობის სამუშაოები გრძელდება ხარაგაულში, სოფელ ნადაბურსა და ჭიათურაში, სოფელ ნავარძეთში. ორივე ლოკაციაზე მობილიზებული არიან მეხანძრე- მაშველები და მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები.

აჭარაში, ქედაში, სოფელი ბზუბზუში უწყვეტი სამუშაოების შემდეგ მოხდა ხანძრის ლიკვიდაცია. დარჩენილია რამდენიმე მცირე მხრჩოლავი კერა და მიმდინარეობს მათი დამუშავება.

სამეგრელოში ლიკვიდირებულია ხანძარი წალენჯიხაში სოფელ ჯაღირაში, აბაშაში, სოფელ წყემში და მარტვილში, სოფელ ბალდაში. ლოკალიზებულია ჯვარში, სოფელ მუჟავში, წალენჯიხაში, სოფელ სქურში, ნაფიხჩოვოში და ტალერში გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.