ამ დროისთვის სახელმწიფომ მუსლიმებს სარგებლობაში გადასცა 228 მეჩეთი - მთავრობა

პუბლიკა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს ალაჰშუქურ ფაშაზადეს შეხვდა.

მათივე ინფორმაციით, კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისგან გულთბილი მოკითხვა გადასცა.

პრემიერმა კი აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი არა მხოლოდ საქართველოს მეზობელი, არამედ მოძმე ხალხია, მეგობარი სახელმწიფოა და საქართველო აფასებს იმ ძმობას და მეგობრობას, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს.

ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა ღონისძიებებზე, რომელიც საქართველოს მთავრობის მხრიდან, მუსლიმი თემის მხარდაჭერის მიმართულებით ხორციელდება.

„შეხვედრაზე ითქვა, რომ ამ დროისთვის სახელმწიფომ მუსლიმებს სარგებლობაში გადასცა 228 მეჩეთი, ასევე 1300 კვ. მეტრი მიწა თბილისში „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ ცენტრალური ოფისის ასაშენებლად. დღეის მდგომარეობით საქართველოში 300 მოქმედი მეჩეთი არსებობს”, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი, კავკასიის მუსლიმთა თემის თავჯდომარის პირველი მოადგილე სალმან მუსაევი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიური ასოციაციების სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე საიბ ნაგიევი ესწრებოდნენ.

საქართველოს მხრიდან კი შეხვედრას ესწრებოდნენ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი მეუფე გერასიმე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე.