მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა „რუსთავი 2-თან” ინტერვიუში აღნიშნა, რომ მარნეულში ამ დროისთვის 24 000 ადამიანია შემოწმებული (სკრინინგი). მისი თქმით, გუშინ 25 მოქალაქეს დაუფიქსირდა სიცხე და ორს – სხვა სახის კლინიკური სიმპტომები.
ზაურ დარგალის ინფორმაციით, დღეს შემოწმდა 5000-მდე მოქალაქე და მათგან, მხოლოდ ერთ გოგონას დაუფიქსირდა სიცხე, სხვა კლინიკური სიმპტომები აქ აქვს.
მარნეულის რადიოს ინფორმაციით, მარნეულის მასშტაბით მოსახლეობის პრევენციული შემოწმება მიმდინარეობს. 12 ბრიგადა, რომელიც ორი ან სამი ექიმისგან შედგება, სოფლებში დადის, მოსახლეობას ტემპერატურას უზომავს და რეკომენდაციის გათვალისწინებისაკენ მოუწოდებენ.
ამასთან, როგორც მარნეულის მერმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტში დაწყებულია ქუჩების დეზინფიცირება. მან აღნიშნა, რომ პირველ რიგში იმ ქუჩის დეზინფიცირება დაიწყო, სადაც კორონავირუსის მქონე ქალი ცხოვრობდა. ასევე იმ 80 ადამიანის უბნების დეზინფიცირება, ვისაც, სავარაუდოდ, კონტაქტი ჰქონდა აღნიშნულ ქალბატონთან. მერის თქმით, პროცესი მთელი მუნიციპალიტეტისა და სოფლების მასშტაბით გაგრძელდება.
მარნეულის მერის განცხადებით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა მოსახლეობის ინფორმირებულობა. მისი ინფორმაციით, დღეს დაიწყება სპეციალური გაზეთებისა და ფლაერების დარიგება. ასევე, მომზადებულია სპეციალური ხმოვანი მანქანები, რომლებიც ივლიან როგორც ქალაქში, ასევე სოფლებში და მოსახლეობას სამ ენაზე, ქართულად,აზერბაიჯანულად და სომხურად გააფრთხილებენ ვირუსის შესახებ.
„მინდა, გითხრათ, რომ მოსახლეობაში სიმშვიდეა – გუშინ დაჯდა ხელფასები და პენსიები. ცოტა ხალხმრავლობაა ბანკებთან, თუმცა, იქაც, შსს და ჩვენი ზედამხედველობის სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებიან და ხდება მოსახლეობის ინფორმირება და იმ საჭირო დისტანციის დაკავება, რომელიც რეკომენდებულია ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ“, – აღნიშნა მერმა.
მარნეულის მერის ინფორმაციით, მოსახლეობაში, მაღაზიებსა და მაღაზიათა ქსელებში სურსათის არანაირი დეფიციტი არ არსებობს. „კოორდინირებულად ხდება მუშაობა – სხვადასხვა უწყება ჩართულია და მარაგდება მუნიციპალიტეტი სხვადასხვა მიმართულებით – ეს შეიძლება იყოს სურსათი თუ მედიკამენტები“, -აღნიშნავს იგი.
ზაურ დარგალის ინფორმაციით ყველა საწარმო, მათ შორის რეგიონის ორი მთავარი საწარმო – წისქვილ-კომბინანტი და სასურსათო ქარხანა აქტიურად მუშაობს.
მერის ინფორმაციით, მუშაობას ჩვეულ რეჟიმში ქვის ცეხები, მაღაზიები, ბლოკის ცეხები და სხვადასხვა მცირე ბიზნესებიც განაგრძობენ.