ამ დროსთვის უცნობია, ცნობს თუ არა PACE საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილებას 

პუბლიკა

ამ დროსთვის უცნობია, ცნობს თუ არა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილებას.

მიზეზი არის ის, რომ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა გასაჩივრებულია.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეგლამენტის თანახმად, ეროვნული დელეგაციების რწმუნებათა სიგელები, როგორც წესი, მტკიცდება წლის პირველი სესიის გახსნაზე, თუ ეს ოფიციალურად არ არის გასაჩივრებული ასამბლეის წევრების მიერ.

დღევანდელ, 27 იანვრის სხდომაზე საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა შვედმა დეპუტატმა, ბორიანა ობერგმა გაასაჩივრა.

„საქართველოს პარლამენტი არის ერთპარტიული პარლამენტი – მხოლოდ „ქართული ოცნებით“. ივანიშვილის რეჟიმი ანადგურებს დემოკრატიულ წესრიგს საქართველოში. ამიტომაც ევროპის სახალხო პარტიის სახელით მოგმართავთ, მათ უფლებამოსილება შეუჩერდეთ“. – განაცხადა ობერგმა სტრასბურგში ასამბლეის სხდომაზე. ბორიანა ობერგის Moderate პარტია EPP-სთან არის აფილირებული.

გარდა ამისა, მოთხოვნით, არ დაედასტურებინათ PACE-ში „ქართული ოცნების” ერთპარტიული პარლამენტის დელეგაციის უფლებამოსილება, სამმა ოპოზიციურმა კოალიციამ („კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“) ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს მიმართა.

ანალოგიური მიმართვით მიმართა PACE-ს გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის”.

„ოცნების“ წარდგენილ დელეგაციაში შედიან: თეა წულუკიანი, მარიამ ლაშხი, გივი მიქანაძე და ეკა სეფაშვილი. PACE-ს სესიებზე ვერ დასწრების შემთხვევაში მათი შემცვლელები არიან: რატი იონათამიშვილი, ლევან მაჭავარიანი და ზვიად შალამბერიძე.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციისათვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე მონიტორინგის კომიტეტის დასკვნა, სავარაუდოდ, 24 საათში გახდება ცნობილი.