პარლამენტში საქართველოს პირველი კონსტიტუციის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა. თავის სიტყვაში ღარიბაშვილმა პირველ კონსტიტუციასთან ერთად საქართველოს წინა ხელისუფლება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მას „ფეხქვეშ ჰქონდა გათელილი კონსტიტუცია“.
„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან, კონსტიტუციამ, რომელიც საამაყო უნდა იყოს ნებისმიერი სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის, იმდენი ტრანსფორმაცია განიცადა, რომ გადაიქცა ტექსტად, რომელმაც დაკარგა ეროვნული შეთანხმების მნიშვნელობა.
2012 წლის 1 ოქტომბერს ქართულმა ოცნებამ გამარჯვება მოიპოვა სწორედ ისეთი ძალის დამარცხებით, რომელსაც, პირდაპირ უნდა ითქვას, უზურპირებული ჰქონდა ხელისუფლება. მიტაცებული, როგორც მთელი ძალაუფლება, ასევე, კონტროლიც ყველა სახელისუფლო თუ საზოგადოებრივ ინსტიტუტზე. უნდა ითქვას პირდაპირ, მეგობრებო, რომ ამ ძალას ფეხქვეშ ჰქონდა გათელილი კონსტიტუცია. 1995 წელს მიღებული კონსტიტუცია ერთი ადამიანის ნება-სურვილს დაექვემდებარა და მას მოერგო.
ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ ქვეყნის მმართველობის ფორმის გადაყვანა საპრეზიდენტო რესპუბლიკის მოდელიდან საპარლამენტო მმართველობის მოდელზე, მხოლოდ იმ ერთადერთი მიზნით მოხდა, რომ უვადოდ გაგრძელებულიყო მოძალადე ხელისუფლის მმართველობა. სწორედ ამგვარად იყო დაჭრილი და დაჩეხილი ის დოკუმენტი, როდესაც ქართველი ხალხის ნებით, ის ანტიკონსტიტუციური მმართველობა შეიცვალა“, – თქვა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ასევე განაცხადა, რომ ამის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ახალი კონსტიტუცია და ის „მართლაც ეროვნული კონესუსის დოკუმენტი ქართული კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერა“. ამაში კი დიდი წვლილი შეიტანა ირაკლი კობახიძემ, რისთვისაც მას ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა.
„2016 წლიდან, როდესაც მორიგ საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა, ჩვენ დავიწყეთ მმართველობის მოდელთან კონსტიტუციის შესაბამისობაში მოყვანა.
ამ უდიდეს საქმეში წამყვანი როლი შეასრულა ბატონმა ირაკლი კობახიძემ. რომელმაც გამართა და დასამტკიცებლად წარადგინა ეს დოკუმენტი. დოკუმენტი, რომელმაც მიიღო ისეთივე თანამედროვე ევროპული სტანდარტის შესაბამისი ფორმა, როგორიც იყო მისი 100 წლის წინანდელი წინამორბედი“, – განაცხადა საზეიმო სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა.