ამ ეტაპისთვის, ბრალდებას რადგან არ ვიცნობთ, არანაირი პოზიცია არ გვაქვს - ლილუაშვილის ადვოკატი

პუბლიკა

ადვოკატის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ჯერ ოფიციალურად წაყენებული არ აქვს. მისივე ინფორმაციით, ის ზაჰესის იზოლატორშია გადაყვანილი.

ადვოკატმა, რობერტ გრიგალაშვილმა მედიასთან თქვა, რომ ჯერ ბრალის შინაარსს არ იცნობენ და ამ ეტაპზე დაცვის მხარე პოზიციას ვერ დააფიქსირებს:

„ბატონი გრიგოლი იქნა დაკავებული ბრალდებულის სახით, თუმცა ამ ეტაპზე ბრალდების დადგენილება ჯერ არ გაუცნიათ, არ ჩაუბარებიათ. ამას აქვს პროცედურები. […] პროცედურები დასჭირდა უბრალოდ დაკავების ოქმის გაფორმებას, მის ეტაპირებას, მის გადაყვანას, შესაბამისად, არანაირი განმარტება ჯერ ჩვენების სახით არ მიგვიცია, ბრალსაც არ ვიცნობთ და ბუნებრივია, ვერ გავაკეთებდით ვერანაირ განცხადებას. პროცედურა არის ასეთი, რომ მხოლოდ და მხოლოდ შედგა დაკავების ოქმი. ბრალდება ჩვენთვის უცნობია, ასევე უცნობია შინაარსი, მხოლოდ ვიცით მუხლი, მუხლი ეს არის – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება. პოზიცია ჯერ არ დაფიქსირებულა და ბუნებრივია, მეც ვერ მოგახსენებთ. ჯერ ბრალდების შინაარსი ჩვენთვის უცნობია და პროცედურა ასეთია – ის, რაც არ ვიცით, ვერანაირ პოზიციას ვერ დავაფიქსირებთ. ამ ეტაპისთვის, ბრალდებას რადგან არ ვიცნობთ, არანაირი პოზიცია არ გვაქვს, და ბრალდების გაცნობის შემდეგ, რა თქმა უნდა, გარკვეულ პოზიციას დავაფიქსირებთ. […] ის იქნა გამოძახებული, შესაბამისად ამ გამოძახების საფუძველზე ჰქონდა მზაობა მოსულიყო და თუ რაიმე კითხვები იქნებოდა, ეპასუხა. [რა გამოდის, მოატყუეს?] მოტყუება არ არის, პროცედურებია ეს, დაიბარეს ადამიანი და გადაწყვეტილება მიიღეს მის დაკავებაზე. დაკავების შესახებ, რა თქმა უნდა, არ იყო ცნობილი და ვერ იქნებოდა, რომც ცნობილი ყოფილიყო, გრიგოლ ლილუაშვილი არ აპირებდა არსად წასვლას“, – თქვა ადვოკატმა მედიასთან.

უფლებადამცველის განცხადებითვე, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ლილუაშვილი უწყებაში დღეს პირველად იყო მისული.