ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გაწერა ამ ეტაპზე არ იგეგმება და მას სათანადო მკურნალობა უტარდება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში ისაუბრა.
მინისტრის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ისინი ეყრდნობიან ექიმების დასკვნებს.
„ვაკეთებთ ამ დასკვნების ანალიზს, რა თქმა უნდა, გავდივართ ძალიან ბევრ კონსულტაციას ყველა ჭრილში და შესაბამისად ვიღებთ გადაწყვეტილებებს.
ვინაიდან, პაციენტი გორის ჰოსპიტალში მოთავსების დღიდან იმყოფება თერაპიულ საწოლზე და ექიმებმა ალბათ იციან თუ რას ნიშნავს თერაპიული კოდით თერაპიულ საწოლზე პაციენტის მკურნალობა, აქედან გამომდინარე, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა ეტაპზე ისე ვმართეთ პაციენტის ჯანმრთელობა, რომ მის სიცოცხლეს არანაირი რისკი არ შექმნია და მომავალშიც ჩვენი ექიმები გააგრძელებენ შესაბამის მუშაობას და ამის რისკი არ დადგება.
როდის გაწერენ, ეს ჩემი მხრიდან იქნება რთული სათქმელი, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებას იღებს მკურნალი ექიმი. ამ ეტაპისთვის გაწერა არ იგეგმება, ვინაიდან გარდა კვების აღდგენისა, პაციენტს ასევე სხვა საჭიროებები აქვს და მნიშვნელოვანია, რომ ის ჩაითვალოს სრულად ჯანმრთელად და ამის შემდეგ მოხდეს მისი გაწერა,“ – ამბობს ტელეკომპანიის ეთერში ეკატერინე ტიკარაძე.