ამ ეტაპისთვის საქართველოს მასშტაბით ინფექციის ზრდას არ ველით – მინისტრი

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „დღის კურიერის“ ეთერში განაცხადა, რომ დღევანდელი მონაცემებით, კოვიდინფექციის გავრცელების მაჩვენებელი ქვეყანაში არის 0.59, რაც, მისი განმარტებით, მიუთითებს იმაზე, რომ ამ ეტაპისთვის ქვეყნის მასშტაბით ინფექციის ზრდას არ ელოდებიან.

„თუმცა თქვენთვის ცნობილია, რომ გვაქვს რამდენიმე მწვავე წერტილი, ჯერჯერობით, სადაც მიმდინარეობს ინფექციის გადაცემა და ჩვენი ეპიდემიოლოგების მხრიდან მუდმივ რეჟიმში ხდება ამ ყველაფერის შესწავლა, ასევე – მოქალაქეების გამოკვლევა და მათ აქტიური ტესტირება. რის შედეგადაც მოლოდინი არის, რომ გარკვეული ინფიცირებულები კვლავ გვეყოლებიან, თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ლოკალიზებული გვაქვს სრულად ეს ტერიტორიები, საქართველოს მასშტაბით ინფექციის გავრცელების რისკები არის მინიმალური“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე განმარტებით, ინფექციის გავრცელების შესაძლო მეორე ტალღის მოლოდინი არის შემოდგომისთვის. მინისტრის თქმით, ზაფხულის განმავლობაშიც იქნება ინფიცირების შემთხვევები, თუმცა „მათ არ ექნებათ ძალიან მაღალი რისკის მაჩვენებელი“.

„ვირუსის თვისებიდან გამომდინარე, ჩვენთვის ცნობილი არის, რომ ვირუსი ვლინდება 2 კვირის შემდეგ და სწორედ აქედან გამომდინარე, არის გარკვეული რეგულაციები, ჯერჯერობით, კიდევ დატოვებული და ჩვენ ამას მკაცრად ვიცავთ. 2 კვირის მერე ჩვენ გვექნება უფრო ზუსტი სურათი იმის შესახებ, თუ რამდენად მოხდა საქართველოს მასშტაბით ვირუსის გავრცელების ჯაჭვის სრული აღმოფხვრა და ამისათვის საჭიროა 2 საინკუპაციო პერიოდი, რომ ჩვენ გვქონდეს სრულიად მტკიცებულებით იმის თქმის საშუალება, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელება აღარ მიმდინარეობს და არ ველოდებით მოსალოდნელ მეორე ტალღას“, – განაცხადა მინისტრმა.