ამ ეტაპზე არ განიხილება ამომრჩევლისთვის სიცხის გაზომვა, ვმუშაობთ პროტოკოლზე – ცესკო

პუბლიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ანა მიქელაძის თქმით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ჯანდაცვის ექსპერტებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა პროტოკოლზე, რომელიც განსაზღვრავს იმ წესებს, რომელთა დაცვაც  მოუწევს  ამომრჩეველსა და ცესკოს წარმომადგენლებს არჩევნების დღეს.

მისი თქმით, ცესკო უზრუნველყოფს, რომ ყველა ამომრჩეველს ჰქონდეს პირბადე და მუშაობს, რომ თითოეულ ამომრჩეველს ჰქონდეს ინდივიდუალური კალამი. მანვე აღნიშნა, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე არ განიხილება ამომრჩევლის თერმოსკრინინგი.

„პირველ რიგში, მაქსიმალურად შევისწავლეთ სხვა ქვეყნების გამოცდილება – ქვეყნების, რომლებმაც ჩაატარეს არჩევნები პანდემიის პირობებში. გადავწყვიტეთ, რომ, თუ ამომრჩეველს არ ექნება პირბადე, მის გარეშე ვერ შევა საარჩევნო უბანზე, თუმცა მას საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს პირბადით.

ასევე, ვვარაუდობთ და ვმუშაობთ ამ საკითხზე, რომ თითოეულ ამომრჩეველს შევთავაზოთ ინდივიდუალური კალამი. რაც შეეხება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, ბუნებრივი ბარიერი რომ იყოს, ისინი აღჭურვილნი იქნებიან შესაბამისი ფარებით, პირბადეებით, ერთჯერადი ხელთათმანებით. სისტემატურად დამუშავდება საუბნო კომიისია სადენზიფექციო ხსნარებით.

რაც შეეხება არჩევნების დღეს, ამ ეტაპზე არ განიხილება ამომრჩევლისთვის სიცხის გაზომვა“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.