ამ ეტაპზე არავითარი დამატებითი შეზღუდვა არ განიხილება - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპისთვის არავითარი დამატებითი შეზღუდვა არ განიხილება.

„ყველა ვცდილობთ, რომ ქვეყანაში მძიმე ლოკდაუნი აღარ იყოს, ეს ძალიან მძიმე იქნება საზოგადოებისთვის, მძიმე იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის, ეს ყველამ უნდა გავითავისოთ. ამიტომ რეკომენდაციები უნდა დავიცვათ.

დადებითობის მაჩვენებელი – 4% ჩვენ ზღვრად გვქონდა, როდესაც შეზღუდვებს ვამსუბუქებდით, ანუ 4% როცა იყო დადებითობის მაჩვენებელი და ეს ნარჩუნდება 2 კვირა. მაშინ გაქვს საშუალება იმისა, რომ გადადგა შემდგომი ნაბიჯი შემსუბუქების. ახლა ჩვენ 2 კვირის მაჩვენებელი გვაქვს 2.56% მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე განმარტებით, ე.წ. ლოკდაუნის შემთხვევაში გათვალისწინებული მხოლოდ დადებითობის მაჩვენებელი არ არის. მსჯელობისას ყურადღება ექცევა ისეთ მაჩვენებლებს, როგორიცაა საავადმყოფოების დატვირთვა, რეანიმაციული განყოფილებების დატვირთვა და ა.შ.