„მოცემულ ეტაპზე რთულია კონკრეტული პროგნოზის გაკეთება, საქმე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ეხება”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
ილია დარჩიაშვილს ხუთი საინტერპელაციო კითხვით ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა. შეკითხვები ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადს შეეხება.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო მზადაა, მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. მან ასევე აღნიშნა ისიც, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, ევროკავშირის გაფართოების მიმართულებით არსებობს სხვადასხვა მოსაზრება, რაც ყველასთვის ცნობილია.
„შევსებული კითხვარის საფუძველზე ევროკომისია მოამზადებს შეფასების დოკუმენტს, შეფასების ანგარიში დაეგზავნება 27 წევრ ქვეყანას, რომლებიც მიიღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას – საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.
მოგეხსენებათ, რომ საქართველოსთან ერთად, მსგავსი ტიპის კითხვარი მიიღო მოლდოვამ და უკრაინამ.
„თუ რა მოლოდინები გვაქვს ევროკავშირის მხრიდან სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით” – კითხვაზე საპასუხოდ მინდა გაცნობოთ და შევეხო ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არსებულ მოლოდინებს:
მოცემულ ეტაპზე რთულია კონკრეტული პროგნოზის გაკეთება. მაშინ, როდესაც საქმე ეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელსაც ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ერთხმად მხარდაჭერა სჭირდება.
აპლიკანტი ქვეყნის მზაობის პარალელურად, საქართველო აკმაყოფილებს ამისთვის აუცილებენ პარამეტრებსა და მზადაა, მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. მეტიც, ის ამას ნამდვილად იმსახურებს.
ამგვარი გადაწყვეტილება მოითხოვს ევროკავშირის მზაობასაც, ორგანიზაციის კარი გაუღოს ახალ წევრებს. თუმცა, მოგეხსენებათ, რომ წევრ ქვეყნებს შორის, ევროკავშირის გაფართოების მიმართულებით არსებობს სხვადასხვა მოსაზრება და ეს ყველასთვის ცნობილია”, – განაცხადა დარჩიაშვილმა.