„ამ ეტაპზე სამართალდამცავების ჩართვის აუცილებლობას ვერ ვხედავთ“ - თურნავა სვანეთში „მაინერებზე“

პუბლიკა

„ამ ეტაპზე სამართალდამცავების ჩართვის აუცილებლობას ვერ ვხედავთ“, ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ სვანეთში „მაინერების“ გამოყენებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად მუშაობს ამ საკითხზე.

„დარწმუნებული ვარ, სვანეთის მოსახლეობა ძალიან კარგად ხვდება, რომ მთავარი პერსპექტივა მთავარი განვითარების გეზი ეს არის ერთი, ტურიზმი, მათ შორის, ზამთრის ტურიზმი და მათი მხრიდან არაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დატოვებს და დარტყმის ქვეშ დატოვებს გამართულ ტურისტულ სეზონს.

მათ შორის, მიუღებელია ელექტროენერგიის უკანონო მოხმარება, მით უფრო, ე.წ. „საყოფახცოვრებო მაინინგთან“ დაკავშირებული პრობლემები, რაც ვიცით, რომ იქ არსებობს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვმუშაობთ ადგილობრივ თვითმმართველობასთან, ასევე, „ენერგო პროსთან“, ვინც აწვდის ელექტროენერგიას, რომ ეს საკითხი გადაიჭრას. ამ ეტაპზე სამართალდამცავების ჩართვის აუცილებლობას ვერ ვხედავთ, რადგან ვიცით, რომ შეგნებულად უდგება მოსახლეობა. ყველამ კარგად იცის, რომ მთავარია, გამართულად მუშაობდეს ტურისტული ინფრასტრუქტურა. საერთო კოორდინაციით, ეს საკითხი გადაწყდება“, განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, ამ საკითხის მოგვარება მოსახლეობის ინტერესში უნდა იყოს, რათა არ მოხდეს ელექტროენერგიის გადაჭარბებული მოხმარება.

24 დეკემბერს  მესტიის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი, იყო, რომ ელექტროენერგიის მოხმარებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ აღნიშნულის მიზეზი „მაინერების“ მომრავლებაა.

„დღეს გვაქვს მოცემულობა, სადაც ელექტროენერგიის მოხმარებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ჩვენ ნამდვილად გვემუქრება მუნიციპალიტეტის სრული ჩაბნელების საფრთხე, რისი თანმდევი პროცესიც, არა მხოლოდ საყოფაცხოვრებო დისკომფორტი, არამედ ტურისტული სეზონის ჩავარდნა იქნება“, – განაცხადა მესტიის მერიამ.