ამ ეტაპზე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა არ არის დაგეგმილი - ცქიტიშვილი

პუბლიკა

„ამ ეტაპზე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ფუნქციონირების აღდგენა არ არის დაგეგმილი“, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჯერ ჩვენ ვსაუბრობთ მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობაზე, შესაბამისად მუნიციპალური ტრანსპორტი იმოქმედებს ყველა იმ დასახლებულ პუნქტში, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი მოქმედებს, მაგრამ საქალაქაქთაშორისო ტრანსპორტი ამ ეტაპზე არ ამოქმედდება და შესაბამისად, ჩვენ ასევე შევაფასებთ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ერთ კვირაში, მომდევნო პერიოდში და შემდგომ უკვე იმ შემსუბუქების შედეგებს შევაფასებთ, რაც უკვე გაკეთდა 1-ლი თებერვლიდან“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მუნიციპალური ტრანსპორტისა და სკოლების ამოქმედების შემდეგ, მთავრობა დააკვირდება დინამიკას და ამის შემდგომ მიიღებს გადაწყვეტილებას საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ამუშავებაზე.

„შესაბამისად ეს დინამიკაც შეფასდება ის დამატებითო დინამიკა, რომელიც ტრანსპორტის ყველგან ამოქმედებით და სკოლების ყველგან ამოქმედების შედეგად გვექნება და რა თქმა უნდა, უკვე ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ გვექნება საშუალება ყველანი ერთად დავაკვირდეთ ვითარებას. თუ ეს ვითარება იქნება სტაბილური ან გაუმჯობესდება, რა თქმა უნდა, შემდეგი ნაბიჯები იქნება გადადგმული უფრო სწრაფად და უფრო თამამად“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.


დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გიორგი გახარიამ შეზღუდვების შემსუბუქებაზე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, დადებითობის მაჩვენებელი ჩამოვიდა 4 %-ზე ქვემოთ, რაც მთავრობას აძლევს შესაძლებლობას შეზღუდვები დაანონსებულზე ადრე შეამსუბუქოს. გახარიამვე აღნიშნა, რომ  8 თებერვლიდან საქართველოს სრული მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი.