საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ჟურნალისტმა ბრიფინგზე შეახსენა მისივე განცხადება, რომ „თუ ევროკომისიის გადაწყვეტილება იქნება შეურაცხმყოფელი, ყველაფერს ფარდას ახდიდა“, რაზეც ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ მან ამის შესახებ გააზრებულად თქვა, რადგან ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია იყო უსამართლო.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, რომ არა მისი ეს პრინციპული განაცხადი, „შესაძლოა საქართველოს დღეს არ მიეღო ეს დამსახურებული ევროპული პერსპექტივა“.
„მე მინდა, ჩვენს ქვეყანას და ხალხს ავუხსნათ შემდეგი. მე გავაკეთე ეს განცხადება მას შემდე, რაც მოვისმინეთ სრულიად შეურაცხმყოფელი, უსამართლო რეზოლუცია, რომელიც მიიღო ევროპარლამენტმა. მათ შორის ჩვენი ოპოზიციის აქტიური მაქსიმალური ჩართულობით, მათი ლობისტების უშუალო მონაწილეობით, უშუალოდ კენჭისყრაში მონაწილეობით.
ჩემი მაშინდელი ემოციური რეაქცია იყო აბსოლუტურად გააზრებული, ეს შეგნებულად გავაკეთე. რომ არა ჩემი და ჩემი გუნდის პრინციპული დამოკიდებულება და ჩვენი საჯარო მიმართვა ევროპისადმი, შევახსენებ ჩვენს ოპოზიციას და ლობისტებს, შესაძლოა, საქართველოს დღეს არ მიეღო ეს დამსახურებული ევროპული პერსპექტივა.
ახლა რა დავინახეთ ჩვენ, წარმოგიდგენიათ, ყოვლად უსამართლო შეურაცხმყოფელი რეზოლუცია იქნა მიღებული და ჩვენ ამის შესახებ ღიად ვთქვით, ყოველგვარი დაფარვისა და მიკიბვ-მოკიბვის გარეშე. არ შევეგუებით არასოდეს უსამართლობას და შეურაცხყოფას და ყოველთვის გვექნება ძალიან მძაფრი, სამართლიანი და პროპორციული შეფასება, ქმედებაც და რეაქციაც“, – თქვა მან.
მისი თქმით, მათ პრინციპულ მტკიცე დამოკიდებულებას გარკვეული როლი მიუძღვის პოტენციურ სტატუსზე და მისმა „დემონსტრაციამ თავისი როლი შეასრულა“.