„ამ ღონისძიებებს ელოდება ასიათასობით ბავშვი, ადამიანი, ამ თემაზე კომენტარს შემდეგ მთავრობის სხდომაზე გავაკეთებ“ – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა შეკითხვას – გეგმავს თუ არა თბილისის მერია სადღესასწაულო ღონისძიებების გადადებას.
გუშინ დილიდან „პუბლიკა“ ცდილობდა, დედაქალაქის მერიიდან მიეღო პასუხი კითხვაზე – 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო აუქმებს თუ არა დედაქალაქის მერია საზეიმო ღონიძიებებს, კონცერტებს, კოსტიუმირებულ წარმოდგენებს; ილუზიონისტების, ჯამბაზების, ზღაპრის გმირების შოუებსა და ა.შ.
დედაქალაქის მერიას საახალწლოდ დაგეგმილი აქვს მთელი რიგი სადღესასწაულო ღონიძიებები, რომელთა საერთო ღირებულება 6 მილიონს აღემატება.
აქტივისტები სადღესასწაულო ღონისძიებების გაუქმებას ან გადადებას მას შემდეგ მოითხოვენ, რაც 15 წლის ლუკა სირაძე, რომელიც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ მე-9 სართულიდან გადმოხტა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ამ ფაქტის შემდეგ საპროტესტო აქციები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მიმდინარეობს.